ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა
14 ოქტომბერი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართული რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნას.
სხდომა განცხადებების ბლოკის შემდეგ დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი მოხმარდება 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ჩამონგრეული სახლის დემონტაჟს, ნაწილი კი მიმართული იქნება სტიქიის (უხვი ნალექის) შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
ცვლილებების შესაბამისად, 350 ათასი ლარი გამოიყო, 26 მაისის ქ. #13-ში ავარიული სახლის სადემონტაჟო სამუშაოებისთვის, ხოლო 125 ათასი ლარი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, ასევე, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 800 ათასი ლარით, რომელიც მოხმარდება ბათუმში სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე, შენობებზე, მიმდებარე ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასა და 26 მაისის ქ. #13-ში დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
დღესვე, საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (ბინები), შემდგომში მათი პირდაპირი განკარგვის წესით, 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მიზნების განსახორციელებლად.
საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 ერთეული ავტობუსი, შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ჭოროხის ქუჩა N67-ში მდებარე უძრავი ქონება, 735,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები, ექსპროპრიაციის წესით ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი, გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გაცემის შესახებ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „Georgian Industrial Asset Management Group“-ს შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბულვარის გენერალური გეგმის დამტკიცებისთანავე, კომპანია ვალდებული იქნება აღნიშნული ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს გენერალურ გეგმასთან.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 246
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები