ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა
29 მარტი 2021
 

სხდომაზე კომისიის წევრებმა 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის 1,00 ლარით განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. მიმდინარე ეტაპისათვის აღნიშნული სახის ცვლილების საჭიროება განაპირობა მსოფლიო პანდემიით (COVID-19)-ით შექმნილმა ვითარებამ. როგორც ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პირობებში გამოცხადებული ლოქდაუნის დროს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებს შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება, რამაც მათ საქმიანობაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა და განიცადეს გარკვეული სახის ფინანსური ზარალი. გამომდინარე აქედან, ცვლილების მიზანია მათი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, რისთვისაც მიმდინარე ეტაპზე დაუწესდებათ ნებართვის ფასის გადახდის სიმბოლური თანხა ერთი ლარის ოდენობით.

კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ,,საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის'' ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულება განიხილა, რომელიც მოიცავს ფესტივალის განაცხადის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს, ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს, რეკომენდაციებს ღონისძიების დაგეგმვის შესახებ, საკვალიფიკაციო შეფასების განმარტებებსა და ხელშეკრულების პროექტს.
კომისიამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ განკარგულების პროექტზეც იმსჯელა, ასევე, განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლის მიხდვით მუნიციპალიტეტს გასაყიდად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიზე არსებული 12 ობიექტი გამოაქვს.
კომისიამ დღესვე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 29 იანვრის N 5/3427 (N04-1421029231-14) წერილიც განიხილა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 26 იანვარს N MOD 1 21 00034304 წერილით მიმართა სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქ. N25-ში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1180,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.24.08.170) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ნ. შაშიკაშვილის N74-ში მდებარე 1819,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 05.32.23.005), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, განკარგულების პროექტიც განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 4,0 კვ.მ. ფართის ორი (სულ 8 კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. №05.21.21.032 და ს.კ. №05.21.21.033) პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ (ს/კ 245383678) გადაცემა განათების ბოძების მოსაწყობად. მითითებული უძრავი ქონებების სარგებლობის ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით, ხოლო უძრავი ქონებების წლიური სარგებლობის საფასური - 2000 (ორი ათასი) ლარით.
სხდომაზე ასევე განიხილეს ცვლილება, რომლის შეტანაც იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში, ასევე, იმსჯელეს საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შეთანხმებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
კომისიამ დღესვე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი განიხილა. ახალი დადგენილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის მიზნით თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა საზოგადოებრივი სივრცისათვის დაამტკიცოს გარე ვაჭრობის ადგილების გეგმა, რომლის მიხედვით გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის განვითარების ინტერესები, მოსახლეობის სიმჭიდროვე, სატრანსპორტო ნაკადი, საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის წესები, ეკოლოგიური მდგომარეობა, საზოგადოების სხვა ინტერესები. ამასთანავე, გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს არა უმეტეს ორი წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
კომისიამ იმსჯელა ცვლილების თაობაზე, რომლის შეტანაც იგეგმება მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში. აღნიშნული ცვლილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში არსებული მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული გადადის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილებაში.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გალაქტიონ ტაბიძის ქ. №13ა-ს მიმდებარედ არსებული 42.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ომარ ქამადაძისათვის (პ/№61001032579) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობაში გადაცემას კომერციულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი ფუნქციურად დაკავშირებულია ომარ ქამადაძის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ ობიექტთან და იგეგმება მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით.
კომისიამ ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი განიხილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებითაც. საკითხი ეხება შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადებას, რომლითაც იგი ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ, ბრენდულ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლე მერიდიანთან“ ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენების უფლებას პლაჟის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და 15 წლის ვადით იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში გადაეცემას.
სხდომაზე განიხილეს ცვლილება, რომლის შეტანაც იგეგმება მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში. ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №78ბ-ში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 3174,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.26.02.015) აშენებულ „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კორპუსებში არსებული ბინების 1 კვ.მ ფართის თვითღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად უნდა განისაზღვროს 1083,0 (ერთიათას ოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით.
ცვლილების შეტანა იგეგმება „შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის №87 განკარგულებაში, კერძოდ, საუბარია ვადის 18 თვით გახანგრძლივებაზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიიჩნიეს.
საკრებულოს სხდომა ხვალ, 30 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1497
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები