ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
26 თებერვალი 2021
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, ასევე, დაგმეს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე რამდენიმე დღის მომხდარი თავდასხმის ფაქტი და აღნიშნეს, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
საკრებულომ დაამტკიცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 6,992.9 ათასი ლარით, შესაბამისად, განხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით.
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N42-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნესტორ ხვინგიას მემორიალური დაფის განთავსების საკითხი. ნესტორ ხვინგია იყო ცნობილი პიროვნება ბათუმში, რომლის სტამბაშიც 100 წლის წინ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გორგასალის ქუჩა N124-ში მდებარე 929 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 982,30 კვ.მ. შენობა-ნაგებობა შემდგომში მისი მოვლა-პატრონობის მიზნით.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა განახლებული დადგენილება „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, ასევე, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (ამჟამინდელი მესაკუთრე - შ.პ.ს „გრანდ მაისონი“) შორის 2019 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებასა და შპს „ორბი ლუქს პალასი“-ს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ახალი წესი, რომლის თანახმადაც რეგულირდება საჯარიმო ქვითრის ჩაბარების ახალი მექანიზმი - საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება. კერძოდ, ფოსტით საჯარიმო ქვითრის გაგზავნის გზით ჯარიმის ჩაუბარებლობლობის შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისათვის
ჩაბარებულად ითვლება. აღნიშნული უფრო მოქნილს გახდის კონკრეტულ სამართალდარღვევებზე ჯარიმის აღსრულების პროცედურებს და შეამცირებს ჯარიმის
გადახდისაგან თავის არიდების რისკს.
ცვლილებები შევიდა „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა ის კრიტერიუმები, რომელიც გავრცელდება მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ შემდგომი ეტაპების სარგებლობით დაინტერესებული პირების განაცხადებზე და მათ საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა დაა მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2009
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები