ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
13 აგვისტო 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქალაქის მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. როგორც სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ განმარტა, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით შეიზღუდა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რამაც, თავის მხრივ, შეანელა ეკონომიკური პროცესები, რომლის შესაბამისადაც შემცირდა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები. აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად იკლებს მომავალ პერიოდში მისაღები შემოსავლები. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად გახორციელება, საჭირო გახდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება ან დაზოგვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიმართა საქართველოს მთავრობას მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების (ძირითადი და საპროცენტო თანხები) მომსახურების ვადის (2020 წელს არსებული გადასახდელების მომდევნო 2 წელზე გადანაწილება) ცვლილების თაობაზე, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზედაც მიიღო თანხმობა (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 ივლისის N1226 განკარგულება). ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარდამავალი პროექტების და გადაუდებლად საჭირო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 10 300 000 (ათი მილიონ სამასი ათასი) ლარი. ასევე, მიმდინარე სახის გადაუდებელი ღონისძიებების, ცალკეული ვალდებულებების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები. ცვლილებები ხორციელდება როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების, ასევე სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, ცვლილებები შეეხო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებს და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, რომლის მიხედვითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 26,625,570 ლარით შემცირდა. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე კი დაფინანსება შემცირდა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებითაც.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხი. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიამ“ მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის ივლისში წერილით მომართა. როგორც წერილშია აღნიშნული, ბათუმის „სახალხო აკადემია“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა და მასში გაერთიანდნენ ქალაქის ცნობილი ადამიანები: ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები, თეატრალები. თუმცა აქამდე ბათუმის „სახალხო აკადემიელებს“ მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნდათ. წერილში ისინი ითხოვდნენ შესაბამისი ფართის გამოყოფას. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემიის“ საქმიანობის ხელშეწყობა და მისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზვიად გამსახურდიას ქ. N6-ში მდებარე 67,18 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გადაცემა.

დღესვე საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, შემდგომში მათი სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთვის საკუთრებაში გადასაცემად, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების მშენებლობის მიზნით.

რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ანგისის დასახლებაში მდებარე 5067,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  შემდგომში მისი ა(ა)იპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშვილდოსნობის ფედერაციისათვის“ სარგებლობაში გადაცემის მიზნით.

საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (კახაბრის დასახლებაში (აეროპორტის გზატკეცილი N55) მდებარე 572.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეგანთავსებული 426.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობიდან 292.0 კვ.მ. ფართი (I სართული) და სოფელ გონიოში (ქ. ბათუმი, აფსაროსის ქ. მე-3 შესახვევი N2) 578,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე N1 შენობის პირველ სართულზე არსებული 192,66 კვ.მ. ფართი გადასცეს შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკას“ უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში, სამედიცინო მომსახურების გაგრძელების მიზნით. უძრავი ქონებების (ორი ობიექტი) წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა სიმბოლური ფასით - 1000,0 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1758
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები