ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფორმაცია
13 მარტი 2020
 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/4

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით 2020 წლის 13 მარტიდან:
1.1. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის უზრუნველსაყოფად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონკრეტული ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელია სამსახურში გამოცხადება.
1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიზღუდოს მოქალაქეთა მიღებები, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
1.3. დაწესდეს იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი:
ა) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე მატერიალური ფორმით განცხადებების მიღება, აღნიშნულის თაობაზე ახალი განცხადების გავრცელებამდე. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით დაინტერესებულ პირებს განემარტოთ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული განცხადების წარდგენით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@batumicc.ge.
ბ) მატერიალური ფორმით განცხადებების მიღება, აღნიშნულის თაობაზე ახალი განცხადების გავრცელებამდე;
1.4. ეთხოვოთ მოქალაქეებს, თუ აუცილებელობას არ წარმოადგენს მატერიალური ფორმით განცხადების და დოკუმენტების წარდგენა, მიმართვა განახორციელონ ელექტრონული განცხადების და დოკუმენტების წარდგენით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@batumicc.ge.
1.5. განემარტოთ მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ დისტანციურად: მობ. 577 30 20 28.
1.6. შეჩერდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟიორთა გამოცხადება და მიღება სიტუაციის გამოსწორებამდე.
1.7. სამსახურში არ გამოცხადდეს საკრებულოს ის პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი:
ა) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლამდე ბოლო 7 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
ბ) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ დაბრუნდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;
გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან;
დ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი;
ე) რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება/რაიმე სახის იმუნოდეფიციტი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
ვ) რომელიც არის ორსული ქალი.
1.8. შეიზღუდოს სამსახურებრივი მივლინებები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.
1.9. ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიზღუდოს თემატური საჯარო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება გარეშე პირთა მონაწილეობით.
2. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შეუნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე    სულიკო თებიძე

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1924
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები