ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
24 თებერვალი 2020
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიამ განიხილა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით ცვლილებები იგეგმება მიმდინარე პროგრამებში. კერძოდ: მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება და ყოველთვიური თანხის ოდენობა 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3- და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება - 3-შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4-შვილიანი ოჯახები კი - 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა. ცვლილების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებით ისარგებლებენ მანდატურები. მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება ახალშემუშავებული საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის ოჯახებისთვის მოვლა-პატრონობის მიზნით გადაცემას გულისხმობს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს. ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნითაც, იზრდება მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ქალაქის საზოგადოებრივი სივრცისა და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისთვის საზღაურის ოდენობის დადგენის საკითხზე, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საფასურის გაზრდის თაობაზე, პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდის შესახებ და გარევაჭრობასთან დაკავშირებული ტარიფების საკითხზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თვმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 81
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები