ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
19 სექტემბერი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე - გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე, გათვალისწინებული იქნა ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა 3,946.9 ათასი ლარით, ხოლო, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები - 4,046.9 ათასი ლარით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც იგეგმება ქ. ბათუმში, ანგისის I შესახვევიდან მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული დაგეგმარება, კერძოდ, გზების გაყვანა.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის №41 განკარგულებაშიც, კერძოდ, დაზუსტდა პირობა შპს „ლამინისათვის“ სარგებლობაში გადასაცემი უძრავი ქონების ნაწილში.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერია „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღების და დასრულების დროს, დაამტკიცებს შესაბამის აუცილებელ ფორმებს, დაინტერესებული პირების მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, განსაზღვრავს განცხადების მიღებასა და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, ასევე განახორციელებს სხვა საჭირო ღონისძიებებს.
საკრებულომ დღესვე დაამტკიცა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილება. ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) მოხდება სანქციის შეფარდება 20 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში - საურავის დაკისრება შესაბამისი ნორმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა საკრებულოს ნორმატიული აქტის საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2058
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები