ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
16 ივლისი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს. 

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით. სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,710,1 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტის გადასახდელები - 2,239,0 ათასი ლარით. ცვლილებები ითვალისწინებს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ხელშეწყობის მიმართულებებით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მიღებული განკარგულებით, ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „ბათუმი-რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული კომპანიის წინადადება ითვალისწინებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს. სხდომაზე წარმოდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ნაკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი. ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფის“ მოთხოვნის საფუძველზე. კომპანიის წინადადება ითვალისწინებს დაბა მახინჯაურში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება სასტუმრო, სასტუმრო აპარტამენტები, საცურაო აუზი, კაფე-რესტორანი. კომპლექსის ეზოში მოეწყობა ღია საცურაო აუზი და ავტოსადგომები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებას შეეხება.
ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა, ასევე, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის №4 დადგენილებაში.
სხდომაზე დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის განახლებული პერსონალური შემადგენლობები.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქ.N5-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიხეილ ბეჟანიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
ცვლილებები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში, ასევე, - მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დებულებაში.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. საკითხების განხილვას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 109
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები