ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოს სხდომა
28 თებერვალი 2019
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგის მიხედვით, ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხით დაიწყეს. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ელდარ ნატარიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხორციელდება 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე გადასახდლების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 3,446,4 ათასი ლარით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილ სპეციალურ ტრანსფერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში. ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა ზემდგომი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროეექტები, ასევე, საბიუჯეტო ნაშთის გამოყენების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა 2019 წლიდან გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებაში, კერძოდ, შპს „ფორტუნა-მედიას“, 100%-იანი წილის მესაკუთრე „ალმას“ და ქ. ბათუმის მერიას შორის 2014 წლის 16 ივნისს, 2016 წლის 10 თებერვალს და 2017 წლის 5 ივლისს დადებულ შეთანხმებებში, რომლითაც ბათუმის ტერიტორიაზე გარკვეულ მისამართებზე უნდა განთავსებულიყო მგზავრთა მოსაცდელები. ვინაიდან შპს „ალმას“ მიერ მგზავრთა მოსაცდელების განთავსების დროს გამოიკვეთა გარკვეული სახის შეფერხებები და ზოგიერთ მისამართზე შეუძლებელი გახდა მგზავრთა მოსაცდელების განთავსება, ხელშეკრულებაში განხორციელდა შეთანხმებებით განსაზღვრული მისამართების სხვა მისამართებით ჩანაცვლება. 
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ერთი ავტობუსის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას შემდგომში მისი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი. 
სხდომაზე მიღებული განკარგულებით, ბათუმის მერიას ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვში, ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისთვის მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხების გაცემა დაევალა. 
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა განკარგულება ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის შესახებ. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერს დაევალა ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, განკარგულებით დამტკიცებული კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის მიხედვით, უზრუნველყოს შემდგომი პროცედურების განხორციელება - დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღების, განხილვის, ბენეფიციართა შერჩევის და ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მარეგულირებელი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და უახლოეს პერიოდში საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა. როგორც სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეთერ ლომაძემ განაცხადა, „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია, გამოქვეყნებულია ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: batumi.ge 
საკრებულოს სხდომას ქ. ბათუმის მერიის სამსახურების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 167
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები