2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №38
2018 წლის 11 აპრილი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 99-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის, 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
დანართი
„დამტკიცებულია“
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №38 დადგენილებით
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება ისეთი გადასახდელები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. მათ შორის:
ა) სტიქიური, ბუნებრივი და სხვა საგანგებო ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები;
ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების აღდგენა, რეაბილიტაცია და მშენებლობა;
გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ქირის საფასურის გადახდა.
დ) ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის;
ე) ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის;
ვ) ავარიული შენობების მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საკუთრებში არსებული ფართის მონაცვლეობის საკომპენსაციო ხარჯები;
ზ) ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ქონებას, ან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.
მუხლი 3. სათათბირო ორგანო - საბჭო
1. სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეების (ოჯახების) დახმარების მიზნით იქმნება შემდეგი სათათბირო ორგანოები:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და მუშაობის წესს.
3. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში შედიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.
4. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანა-ბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბ-ჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.
8. საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;
ბ) იმსჯელოს სარეზერვო ფონდიდან გასაწევი დახმარების თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
9. საკითხის განხილვისას საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეს, რათა განსახილველი საკითხის ირგვლივ კომპეტენციის ფარგლებში მოიძიოს მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
10. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 4. სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა (ოჯახების) დახმარების გაწევის კრიტერიუმები.
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალიწინებით:
ა) მატერიალური დახმარების თანხა შესაძლებელია გაიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირზე;
ბ) მატერიალური დახმარების თანხის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად;
გ) 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი ზიანის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების საკითხი განსახილველად ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალიწინებით:
ა) მატერიალური დახმარება შესაძლებელია გაიცეს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ომის ვეტერანებზე; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეებზე, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიან (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებზე; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებზე; უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტზე; უსახლკაროებზე; მარტოხელა მშობლებზე და მათ შვილებზე. ასევე მოქალაქეებზე, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება შესაბამისი მოკვლევის/დასკვნის საფუძველზე.
ბ) მატერიალური დახმარების მიმღები პირი დახმარების თაობაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვისა რეგისტრირებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 6 თვიანი შეზღუდვა არ ვრცელდება 1 (ერთი) წლამდე ბავშვებზე;
დ) კალენდარული წლის განმავლობაში მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის სარეზერვო ფონდიდან ერთ პირზე გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 (ექვსი ათასი) ლარს;
ე) კალენდარული წლის განმავლობაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის სარეზერვო ფონდიდან ერთ პირზე გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს.
მუხლი 5. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 6. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ.
მუხლი 7. წესში ცვლილების შეტანა
სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.