2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №4 - „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 14/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებული იქნას.
ბ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 10. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების წესი
1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
2. წერილობითი წარდგინება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ნებართვის მაძიებლის თაობაზე, მონაცემებს სამშენებლო ობიექტის მდებარეობისა და ფუნქციური დანიშნულების თაობაზე, ასევე განმარტებას კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიზანშეწონილობის/საჭიროების შესახებ.
3. სპეციალური (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.
4. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია არ გაიზიაროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარდგინება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე