2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენილების თაობაზე სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივ დასკვნასთან დაკავშირებით
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენი¬ლება. აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოდან (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტიდან) წარმოდგენილი იქნა სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც წარმოდგენილი იქნა წინადადება დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი სცილდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციას. დასახელებული დასკვნა განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც წარმოადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების მოსაზრება, რომლის თანახმადაც იგი არ იზიარებს ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივ დასკვნაში მითითებულ არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
დასახელებული საკითხის შინაარსის ანალიზის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მართებულად მიაჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების მოსაზრება (მსჯელობა), რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენილება მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენი¬ლება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან დაკავშირებით სრულიად იზიარებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების მოსაზრებას (მსჯელობას), რის გამოც სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს) უნდა ეთქვას მოტივირებული წერილობითი უარი დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) სამართლებრივ დასკვნაში მითითებულია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები ექცევა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროში, რომლითაც დადგენილია შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები და მათ უგულებელყოფა დაუშვებელია.
დასახელებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა ექცევა არა მარტო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის რეგულირების სფეროში, არამედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების რეგულირების სფეროში. ამას გარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენი-ლებით არ ხდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის უგულვებელყოფა, კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს დამრღვევის პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას). თუმცა მხოლოდ პასუხისმგებლობა არ არის კანონმდებლის მიზანი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დარღვევის საფუძვლის აღმოფხვრა (გამოსწორება). ამრიგად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჯარიმის გადახდის შემდეგ შეიტანოს ცვლილება სამშენებლო დოკუმენტის პროექტში და მიიღოს ახალი მშენებლობის ნებართვა, მათ შორის მიიღოს მშენებლობის ნებართვა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით განხორციელებულ მშენებლობაზე. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენი¬ლების მიხედვით არ ხდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, ვინაიდან სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემა გათვალისწინებულია ჯარიმის გადახდის შემდგომ და არა მის გარეშე.
ბ) მართებულად არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლებრივ დასკვნაში მითითებული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №25 დადგენი¬ლებით დაწესებულია თვისობრივად ახალი მოსაკრებელი ან ტარიფი, გადასახადი და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დგინდება არა ახალი მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი, არამედ დადგენილია სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრული კატეგორიის ობიექტებსა და სუბიექტების მიმართ, კერძოდ აღნიშნულია, რომ ისეთ ობიექტზე რომელთა მშენებლობა განხორციელდა სანებართვო პირობების დარღვევით, რომელზეც 2017 წლის 1 ივნისამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილია შესაბამისი დადგენილება დაჯარიმების შესახებ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა მოთხოვნა/შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდის თაობაზე. სპეციალური (ზონალური შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 1 კვ.მ. (კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობზე) 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ანუ მოცემულ შემთხვევაში დგინდება დასახელებული კატეგორიის ობიექტებზე მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა და არა ახალი მოსაკრებელი, ხოლო მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა საკრებულოს კომპეტენციაა.
გ) მართებული არ არის ასევე სამართლებრივ დასკვნაში მითითებული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სპეციალური ზონალური შეთანხმება მოქმედებდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე.
საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით, რომელიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ უნდა იყოს ინდივიდუალური სახის. აღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ საკრებულო უფლება-მოსილია დაადგინოს შეღავათი გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით, რომელიც აგრეთვე გულისხმობს გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებას. განსახილველ შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათი დადგენილ იქნა გადამხდელთა კატეგორიის მიხედვით ტერიტორიული პრინციპის საფუძველზე და შესაბამისად განისაზღვრა ტერიტორია, სადაც აღნიშნული სახის მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. წინამდებარე განკარგულება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების თანდართული მოსაზრება გადაეგზავნოს სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტს).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე