2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის
უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ მიმდებარედ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3263,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.23.02.001);
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების შპს „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“-ზე პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა, რა დროსაც შპს „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“ ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადარიცხოს 978900 (ცხრაას სამოცდათვრამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში უზრუნველყოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.23.02.001) არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც განთავსდება მაღალი კლასის ნომრები, რეზიდენსები, საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაფე-ბარი, ღია ტერასები, ფიტნესი, სატრენაჟორო და მასაჟის დარბაზები, საუნა შესაბამისი ინფარასტრუქტურით. სასტუმროს პროფილი არანაკლებ 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, თუნდაც ერთი რომელიმეს.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი