2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2
2016 წლის 29 იანვარი
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2. დამტკიცდეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №18 დადგენილება.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
დანართი 1
და მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
2016 წლის 29 იანვარი №2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს
მუხლი 2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით;
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);
4. ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები (მათ შორის ახალი ღონისძიების დამატება) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ის ფარგლებში.
5. ასიგნების გადანაწილება და ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური (შემდგომში - საფინანსო-ეკონომიკური სამსახური) უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
გ) მოამზადოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის გადანაწილებას ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური სამსახური.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა.
3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
4. მოთხოვნა საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
5. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
6. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭიროა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თანხმობა.
7. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
9. ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საბიუჯეტო განყოფილება ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი უფლების მქონე პირები. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
12. განხორციელებული ცვლილებები საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.
დანართი 2
და მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
2016 წლის 29 იანვარი №2
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
მუხლი 1
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ - ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ა(ა)იპ-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს, წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.