2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №24
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თანდართული წესი.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე აუქციონების ჩატარება მოხდეს არსებული კანონმდებლობისა და აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე შესაბამისი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების შეწყვეტასთან (მოშლასთან), აუქციონის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული და სხვა ურთიერთობების მოწესრიგება მოხდეს წინამდებარე წესის შესაბამისად, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნე-ბისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
საკრებულოს თავმჯდომარის დროებით
მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ კახიძე
დანართი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2010 წლის 15 ოქტომბერი №24
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში - ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიას.
5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას და სხვა პირობებს განსაზღვრავს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. წინამდებარე წესი არ არეგულირებს გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) სერვიტუტი;
დ) ქირავნობა;
ე) იჯარა;
ვ) თხოვება;
ზ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყის წლიურ ქირის ოდენობას განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
3. სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემული ქონების ქირა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხები (საურავი, პირგასამტეხელო, საბანკო გარანტია და ა.შ.) ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებულ ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 3. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემა
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის, მათ შორის ელექტრონული აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება, წინამდებარე წესით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით ხდება, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილი წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
4. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
5. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
6. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, ამ წესით დადგენილ ვადაში იდება ხელშეკრულება, რითაც დასტურდება აუქციონის შედეგები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მეორე მხრივ გამარჯვებული.
8. სარგებლობის უფლებით გაცემის აუცქიონის „ბე“-ს (საბანკო გარანტიის) ოდენობა განისაზღვრება ქონების საწყისი წლიური სარგებლობის ქირის არანაკლებ 30%-ის ოდენობით.
9. სარგებლობის ქირის გადახდა აუქციონის გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით.
10. „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა აუქციონის გამარჯვებულს ეთვლება ბოლო წლის ქირის გადახდის ანგარიშსწორებისას.
მუხლი 4. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიას, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას (გადაწყვეტილების პროექტს) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თნხმობით.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას მესაკუთრეს და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ წესით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.
5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 5. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწის ზედა ან/და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 6. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებებით;
დ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება.
2. თუ მოიჯარე ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 8. ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 2 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება, ხოლო ქონების პირდაპირი განკარგვის თაობაზე გამოცემული აქტი ითვლება ძალადაკარგულად, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი წერილობითი გადაწყვეტილების მიღებას.
2. სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებები ძალაში შედის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ნივთების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების სანოტარო ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წესით დამოწმება (დადასტურება) სავალდებულო არ არის.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ამ წესის მე-10 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობები;
თ) მხარეთათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და კორესპონდენციის ჩაბარების წესი და ფორმები;
ი) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს ხელშეკრულების საფუძველზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
6. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ქ. ბათუმის მერია.
მუხლი 10. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქ. ბათუმის მერიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისი ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის სხვა ვადა და ფორმა.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით. ქონების გადაცემისას იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის (მათ შორის საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის (მათ შორის საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა შესაძლებელია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განხილულ იქნეს როგორც ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 11. ვალდებულებათა შესრულება
ვალდებულების შესრულება ან/და შესრულების მიღება, ასევე ვალდებულებათა შესრულების დადასტურება ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 12. ცვლილებები ხელშეკრულებაში
1. ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებებით.
2. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები განიხილება როგორც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
3. ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეებს შორის დგება ხელშეკრულება (შეთანხმება), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მხარის განცხადება და მის საფუძველზე გამოცემული აქტი (მათ შორის წერილი) გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, ასევე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამართლებრივი შედეგების დადგომისათვის საკმარისია ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნება, რა დროსაც ხელშეკრულების მხარის მიერ წერილობით გამოვლენილი ნება ცვლის ხელშეკრულების შესაბამის დანაწესს.
მუხლი 13. სხვა დებულებები
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.