2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19
2014 წლის 29 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილება (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ.).
ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ. გვ. 11,12).
3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი
დანართი
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა ”
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დადგენილება
2014 წლის 29 აგვისტო №19
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში - „მერია“) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში - „მერი”) დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.
2. „მერია“ შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად.
3. მერიის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო) შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. წინამდებარე დებულებით მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სხვა თანამდებობა, რომელიც არ შედის მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში.
5. მერიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას.
6. მერია არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
7. მერია არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
8. მერიას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტიტულიანი ბლანკი თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოს გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
9. მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www.batumi.ge.
10. მერიის სამართალწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
11. მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
12. დაუშვებელია მერიის სისტემაში არსებობდეს სტრუქტურული ერთეული, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დებულებით.
მუხლი 2. მერიის საქმიანობის პრინციპები
1. მერიის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი II. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანო - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებები
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მერი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, წინამდებარე დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საშტატო ნუსხას, მერიის თანამშრომელთათვის დაწესებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს. უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცებით (მასში ცვლილებების შეტანით) ან/და თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების დელეგირებისათვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემით. მერის მიერ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული, მერისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/ და ცალკეული თანამდებობის პირისადმი დელეგირება, არ კრძალავს ამავე უფლებამოსილების უშუალოდ მერის მიერ განხორციელებას;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ.ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას;
გ.თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას. ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
დ.მ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით პრივატიზების შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ;
დ.ნ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს. იღებს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ თვითმმართველი ერთეულის და მეორეს მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის, I კლასის ობიექტის შემთხვევაში - დაგეგმილი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოსცემს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ღებულობს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ, ასევე ღებულოს გადაწყვეტილებებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ე.ი) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;
ე.კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ;
ე.ლ) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას;
ე.მ) ითანხმებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტიგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას; როგორც დამფუძნებელი პარტნიორი ღებულობს გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერიას დაქვემდებარებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებას და ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს;
ე.ნ) ღებულობს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
ე.ო) ღებულობს გადაწყვეტილებას პარკირების ადგილების განკარგვასთან დაკავშირებით;
ე.პ) ღებულობს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
ე.ჟ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოცემულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით;
ე.რ) იწვევს და ხელმძღვანელობს მერის თათბირებს;
ე.ს) ხელწერით ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის მერიიდან გასვლის ფაქტს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ, მერს, მერიას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს ან/და მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს, ახორციელებს მერიის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ე.ტ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე.უ) განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრეს;
ე.ფ) ღებულობს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებასთან დაკავშირებით;
ე.ქ) კომისიის შექმნის მიზნით, საკრებულოს წარუდგენს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების კანდიდატურებს;
ე.ღ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, თუ ასეთი უფლებამოსილების განხორციელება ამავე კანონით არ წარმოადგენს უშუალოდ საკრებულოს კომპეტენციას;
ე.ყ) ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
5. მერის თანამდებობობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის, საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
თავი III. ვიცე-მერი, მოადგილეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 4. ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები)
1. მერს ჰყავს ერთი ვიცე-მერი და ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერის არყოფნისას ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მერის მოვალეობას ასრულებს ვიცე-მერი.
3. ვიცე-მერი, მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილება განისაზღვრება უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტ(ებ)ით;
5. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად;
6. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;
7. ვიცე-მერი, მერის მოადგილ(ეებ)ი ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.
თავი IV. მერიის ფუნქციები და სისტემა
მუხლი 5. მერიის ფუნქციები
მერია მის სისტემაში შემავალი სამსახურების მეშვეობით უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 6. მერიის სისტემა
მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან. მერიის ერთიან სისტემაში შედის ასევე მერის წარმომადგენლები და წარმომადგენლის თანაშემწეები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელიც არ შედიან მერიის არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში.
მუხლი 7. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური;
ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახური;
ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
კ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ მერის გადაწყვეტილებებს და მერის დავალებებს;
3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით;
4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერი.
5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;
დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შესახებ;
6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;
7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
8. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ხელწერით ადასტურებს სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუმენტისა და სხვა მასალის გასვლას;
ი) ასრულებს მერის, ასევე ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე მათ ცალკეულ დავალებებს;
10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.
11. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
12. სტრუქტურული ერთეულის შიგნით შეიძლება არსებობდეს ცალკე ქვედანაყოფი (განყოფილება და ა.შ.).
13. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
მუხლი 8. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში
1. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
2. მერის წარმომადგენელზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
3. მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. მერის წარმომადგენელი:
ა) უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების ურთერთობას;
ბ) უზრუნველყოფს მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოსახლეობასთან ურთერთობას;
ბ) ორგანიზებას უწევს, მერის, ვიცე-მერისა, მერის მოადგილებისა და სხვა საჯარო მოხელეთა მოსახლეობასთან შეხვედრებს თავიანთი სამოქმედო ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით;
გ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის პერიოდულ შესწავლას, კონტროლს და შესაბამის ინფორმაციას აწვდის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძრვანელებსა და მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს;
დ) თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად ღებულობს შესაბამის ინფორმაციებს მერიისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან;
ე) თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოთხოვნებს;
ვ) ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ზ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
მუხლი 9. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
1. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) ვიცე-მერის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;
გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. მერის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული მერის ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
3. ვიცე-მერის და მერის მოადგილის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
5. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სარეგისტრაციო კოდის, თარიღის, რიცხვის მინიჭების, ინდექსის და რეგისტრირების წესები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება
1. მერის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება:
ა) მერის აქტი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შეიცვალოს, გაუქმდეს ან არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნას აღიარებული მხოლოდ მერის მიერ;
ბ) მერის აქტის მოქმედება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შეჩერდეს ან გაუქმდეს ასევე სასამართლოს მიერ;
გ) მერის აქტი საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მერის აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება:
ა) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
ბ) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნას აღიარებული მისი გამომცემი თანამდებობის პირის მიერ.
გ) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს და გაუქმდეს მერის მიერ, ასევე სასამართლოს მიერ;
დ) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი VI. სამართლებრივი აქტების
და წერილების ბლანკების, აღწერილობა და ფორმა
მუხლი 11. სამართლებრივი აქტის, ბლანკის აღწერილობისა და ფორმის დამტკიცების წესი
მერის ბრძანების და წერილების ბლანკის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტის და წერილების ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს მერი.
თავი VII. მერიის თანამდებობების პირები და საჯარო მოხელეები
მუხლი 12. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები
1. მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:
ა) მერი;
ბ) ვიცე-მერი;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერის ადმინისტრაცის უფროსი,
ე) მერიის აპარატის უფროსი;
ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი;
ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე;
თ) მერიის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი განყოფილების უფროსი;
ი) მერის მრჩეველი;
კ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილის თანაშემწე;
ლ) მერის წარმომადგენელი;
მ) მერის წარმომადგენლის თანაშემწე;
ნ) მთავარი სპეციალისტი;
ო) წამყვანი სპეციალისტი;
პ) უფროსი სპეციალისტი;
ჟ) სპეციალისტი.
2. შესაძლებელია შესაბამისი სამართლებრივი აქტით მოხდეს მერიის ერთიან სისტემაში შემავალი თანამდებობების კატეგორიებად დაყოფა.
თავი VIII. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან
მუხლი 13. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან
მერია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ურთიერთობს სხვა ორგანოებთან.
თავი IX. სხვა დებულებები
მუხლი 14. სხვა დებულებები
1. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.