2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში, ღამის საათებში ფეიერვერკების და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენების შეზღუდვის ღონისძიებათა შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ღამის საათებში (23.00 საათიდან 07.00 საათამდე) აიკრძალოს ფეიერვერკებისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება, გარდა ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. ქ. ბათუმში, ღამის საათებში (23.00 საათიდან 07.00 საათამდე) ფეიერვერკებისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ახალი წლის დღეებში (31 დეკემბერი - 01 იანვარი და 13-14 იანვარი).
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში (კონცერტების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დროს) ქ. ბათუმის მერის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
3. ეთხოვოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სფეროში მოქმედ შესაბამის დაწესებულებებს წინამდებარე განკარგულებაში გათვალისწინებული შეზღუდვების (ნორმების) დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი საჯარიმო ღონისძიებების განხორციელება.
4. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესაბამისი დაწესებულებისათვის სათანადო სამართლებრივი და ტექნიკური დახმარების გაწევა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი