2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
მიმაგრებული ფაილი: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №9
2010 წლის 30 ივნისი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თანდართული დებულება (რეგლამენტი).
2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №2-1 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №37, 8.03.2007 წ., გვ: 12-20).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა”
თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9
დადგენილებით
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა (რეგლამენტი)
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) არის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.
3. საკრებულო არის დამოუკიდებელი საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტი. საკრებულოს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. ასევე საკრებულოს აქვს ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
4. საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, საფინანსო-საბუღალტრო (მათ შორის შესყიდვების), მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა მომსახურების გაწევას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
5. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მისამართია www.batumicc.ge. აღნიშნული ვებ-გვერდი წარმოადგენს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილს სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკარებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.
6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
7. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
ვ) მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;
ზ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 2.
1. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით (რეგლამენტით) (შემდგომში - რეგლამენტი) და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. რეგლამენტი განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მუშაობისა და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიასთან (შემდგომში - მერია).
3. რეგლამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. რეგლამენტით დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, საკრებულოს აპარატისა და მერიის საჯარო მოსამსახურეებისათვის.
4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება, წარდგინება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება.
5. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.
6. საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით წყდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
მუხლი 3.
1. საკრებულოს ადგილსამყოფელი (ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25) საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
2. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დროშა.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საკრებულოს უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას.
4. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს საკრებულო. ისინი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.
5. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია:
ა) ბატონო თავმჯდომარევ;
ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ;
გ) პატივცემულო კოლეგავ.
მუხლი 4.
1. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.
2. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმის უკან კედელზე თავსდება საქართველოს მცირე სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის გერბი, ხოლო დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხნივ, ტრიბუნასთან აღიმართება საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დროშა.
3. პრეზიდიუმში მარჯვენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან) დგას მერის სავარძელი.
4. პრეზიდიუმის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
5. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.
6. სხდომათა დარბაზში უკანა რიგის მარცხენა (პრეზიდიუმის პოზიციიდან) მხარე განკუთვნილია მერის მოადგილისათვის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთათვის, მერიის სხვა მოსამსახურეებისათვის, ხოლო მარჯვენა (პრეზიდიუმის პოზიციიდან) მხარე განკუთვნილია საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებისათვის, საკრებულოს ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის, სხდომაზე კანონით განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტებული წარმომადგენლებისათვის.
7. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებულ მაგიდასთან ადგილს იკავებს ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.
8. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი.
9. საკრებულოში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას.
მუხლი 5.
1. საკრებულოს მუშაობის გაცნობის, წარმომადგენლობითი ორგანოს პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის და ურთიერთკონტაქტის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მოიწვიონ მოსწავლე-ახალგაზრდობის წარმომადგენლები. დასაშვებია ჩატარდეს მათი დაჯილდოების ცერემონიალი.
2. საკრებულოს შენობაში საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით დასაშვებია ექსკურსიები.
თავი II. საკრებულოს წევრი და მისი სტატუსი
მუხლი 6.
1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;
ბ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებული იქნა ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;
გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ე) შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას;
ზ) გარდაიცვალა.
4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკრებულოს დათხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა-გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე წყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე, რომელიც მიღებიდან 2 კვირის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 7.
1. თუ საკრებულოს წევრი 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენა არასაპატიოა ამზადებს დასკვნას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. თუ საკრებულოს წევრს შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა ან სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღაიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ საბუთებს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას ცნობის სახით.
3. თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს განაჩენს და წარუდგენს საკრებულოს ცნობის სახით.
4. საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოითხოვოს და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
5. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს გარდაცვალების მოწმობას და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს ცნობის სახით.
6. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს, აღნიშნულ შემთხვევაში საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღეს.
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომელიც ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს.
8. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განიხილება რიგგარეშედ.
მუხლი 8.
1. საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ, ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად:
ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;
გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;
დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;
ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;
ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;
ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;
თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში);
ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.
3. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
4. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას და ეკავოს ნებისმიერი პარტიული თანამდებობა.
მუხლი 9.
1. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავის მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.
2. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
3. საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს წევრის მოწმობა, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 10.
1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში და ფრაქციაში;
ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ) საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში;
დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომისიას;
ე) იყოს საკრებულოს 1, მაგრამ არა უმეტეს 2 კომისიის შემადგენლობაში.
ვ) დაესწროს საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის (წევრობის შემთხვევაში) სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ზ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
თ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ი) ამომრჩეველთა მოთხოვნით შეხვდეს მათ და არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ყოველკვარტალურად საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის ამომრჩევლებთან შეხვედრისა და მათ მიერ დასმული საკითხების რეაგირების შესახებ.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე.
მუხლი 11.
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიცირების წესით საკრებულოში:
ა) შეიტანოს დადგენილების ან/და განკარგულების პროექტი;
ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ დადგენილების ან/და განკარგულების მიღების მიზნით;
გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
2. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ინიცირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხი.
3. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.
4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს გაეცნოს მერიის, მისი სამსახურების, ტერიტორიული ორგანოებისა და კომისიების საქმიანობას, დაესწროს კომისიის სხდომებს და გამოთქვას თავისი აზრი. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მერიის კომისიებისა და საკრებულოს იმ კომისიების სხდომებს, რომლის წევრიც არ არის იგი.
5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;
გ) მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა, შეკითხვებით მიმართოს მომხსენებელს, თანამომხსენებელს და მიიღოს პასუხი;
დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) გამოთქვას აზრი მერისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს და ნიშნავს (იძლება თანხმობას დანიშვნაზე) საკრებულო;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ქ. ბათუმის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვაში, აგრეთვე მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე კონტროლის განხორციელებაში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
6. საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების განხორციელების პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტით.
მუხლი 12.
საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში, დასვას საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს, თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ათი დღით.
გ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებს;
დ) უშუალოდ მონაწილეობდეს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
მუხლი 13.
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ) მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს წევრი სარგებლობს მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ მასობრივი ინფორმაციის საბიუჯეტო საშუალებებში მიწოდებული მასალები ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას (გავრცელებას), ამასთან ხარჯებს ანაზღაურებს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 14.
საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს:
ა) აირჩიოს, არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საკრებულოს თანამდებობებზე;
ბ) გაერთიანდეს ფრაქციაში;
გ) გადადგეს ან გამოვიდეს საკრებულოს ორგანოებიდან ან/და გაერთიანებებიდან.
მუხლი 15.
1. დაუშვებელია საკრებულოს წევრის პასუხისგებაში მიცემა თავისი მოვალეობების შესრულებისას საკრებულოში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საკრებულოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება საკრებულოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს:
ა) აღუდგება წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
მუხლი 16.
1. საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის საქმიანობის განსახორციელებლად საკრებულოს შენობაში ეძლევა სამუშაო ფართობის, მოწყობილობის, ავეჯის, ორგტექნიკისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკრებულოს წევრს გამოეყოფა სამსახურეობრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში ადაფტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო.
თავი III. საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მუხლი 17.
1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, საკრებულო თავისი შეხედულებებისამებრ ქმნის არაუმეტეს ხუთ კომისიას.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულოს არაუმეტეს სამი თვის ვადით შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.
4. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების პერსონალურ შემადგენლობას შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, კომისიის შემადგენლობაში შემავალ საკრებულოს წევრთა თანხმობით ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
5. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო.
მუხლი 18.
1. საკრებულოს კომისიებია:
ა) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია;
ბ) საფინანსო კომისია;
გ) ეკონომიკური რეფორმების კომისია;
დ) ჯანმრთელობისა და საციალურ საკითხთა კომისია;
ე) განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია.
2. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია იქმნება ამ სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
3. საფინანსო კომისია იქმნება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. ეკონომიკური რეფორმების კომისია იქმნება ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
5. ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სფეროში თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
6. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია იქმნება განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
7. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად კონკრეტულად განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 19.
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება (მას ხელს აწერს საკრებულოს ყველა ის წევრი, რომელიც ასახელებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის მოცემულ კანდიდატს) წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისაგან ითხოვს თანხმობას. თანხმობის მიღების შემდეგ მიმდინარეობს კენჭისყრა. თუ დასახელდა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის ერთზე მეტი (რამდენიმე) კანდიდატი მათ კენჭი ერთად ეყრება. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ ხელახლა ტარდება არჩევნები. ეს პროცესი იმავე ან მომდევნო სხდომაზე გრძელდება მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
მუხლი 20.
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
მუხლი 21.
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.
2. საკრებულო ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის თაობაზე.
3. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
4. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
მუხლი 22.
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგალამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით (კომისიის ტიტულიან ბლანკზე შესრულებული) მიმართოს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;
თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონიით.
3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, მოიწვიოს სხვა პირები ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (საკრებულოს შესაბამისი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე), ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას (კომისიის სხდომის მოწვევა, კომისიის სხდომის წარმართვა) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით დროებით ასრულებს საკრებულოს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 23.
1. კომისიის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ.
2. კომისიის წევრის მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან საკრებულოს.
მუხლი 24.
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შესული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ე) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ) ახორციელებს კონტროლს მერიის თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და კომისიის დებულებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 25.
მერიის თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები და სხვა საჭირო მასალები. დასკვნები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, მოძიებას ან/და დიდი მოცულობისაა კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.
მუხლი 26.
მერიის თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 27.
1. კომისიის სხდომების პერიოდულობასა და სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სავალდებულოა კომისიის სხდომის ჩატარება თვეში ერთხელ მაინც. სავალდებულოა აგრეთვე კომისიის სხდომის ჩატარება, თუ ამას მოითხოვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს თავმჯდომარე ან/და ამ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს ის წევრები, რომლებიც ამ კომისიის წევრები არ არიან, მერიის თანამდებობის პირები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
მუხლი 28.
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ინფორმაციები, მერიის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული და მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.
2. კომისია ღებულობს დასკვნას, რეკომენდაციას, წინადადებას.
3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
მუხლი 29.
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამისი კომისიის დასკვნას.
თავი IV. საკრებულოს ფრაქციები
მუხლი 30.
1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ რეგლამენტით.
2. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
3. ფრაქციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
მუხლი 31.
1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ.
2. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
3. აკრძალულია ფრაქციის შექმნა ეროვნული, ტერიტორიული, ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ნიშნით.
მუხლი 32.
1. ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პლატფორმასა და წესდებას.
2. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.
3. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 3 საკრებულოს წევრის მიერ ფრაქციის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ფრაქციის წევრების დადგენის, ფრაქციის ოფიციალური სახელწოდების განსაზღვრის, ფრაქციის პლატფორმისა და წესდების დამტკიცების, ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის და მათ საფუძველზე ფრაქციის თავმჯდომარის წერილობითი განაცხადის შესაბამისად საკრებულოს ბიუროს მიერ ფრაქციის რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 33.
1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პლატფორმა და ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე.
3. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.
მუხლი 34.
1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
2. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.
მუხლი 35.
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.
2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.
4. ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას.
მუხლი 36.
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას.
4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა.
5. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
გ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე;
დ) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები;
ე) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ვ) საკრებულოს ყველა კომისიაში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;
ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
თ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
6. ფრაქციის თანამდებობის პირებია ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირები. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენების, გადარჩევის და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
მუხლი 37.
1. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში;
გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
დ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით (ფრაქციის ტიტულიან ბლანკზე შესრულებული) მიმართოს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში და ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 38.
1. ფრაქციას აქვს საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიცირების უფლება გარდა იმ საკითხებისა, რომლის წარდგენაც მიეკუთვნება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
2. ფრაქციას უფლება აქვს შეკითხვით მიმართოს საკრებულოს, მერიის თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან კანონით დადგენილი წესით უპასუხონ შეკითხვას.
3. მერიის თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.
4. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომებზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევი და დასანიშნი კანდიდატურების შესახებ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს კამათში და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
5. ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.
6. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.
მუხლი 39.
1. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში - სამუშაო ფართობი.
2. ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად რეგულირდება ფრაქციის წესდებით.
3. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის მიზნები, მისი სტრუქტურა, ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.
თავი V. საკრებულოს ბიურო
მუხლი 40.
1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო (შემდგომში - ბიურო), რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს;
გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 41.
1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის ადგილზე არ ყოფნისას ან/და მისივე დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. ბიუროს სხდომები იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. ბიუროს რიგგარეშე სხდომების მოწვევის უფლებამოსილება გააჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ.
3. ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ბიუროს სხდომის მასალები სხდომამდე 1 საათით ადრე, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
4. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებას (დასკვნა, ოქმი, მიმართვა და სხვა) იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
5. ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა.
6. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა.
7. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება შესაბამის ფრაქციებს, კომისიებს, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე საკრებულოს წევრებს მოთხოვნისამებრ.
თავი VI. საკრებულოს თანამდებობის პირები
მუხლი 42.
1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;
დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.
3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით.
მუხლი 43.
1. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და საკრებულოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის -. ბათუმის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ხელს აწერს თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის და საკრებულოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ბ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებს, საკრებულოს ფინანსური სახსრების განკარგვასთან დაკავშირებულ და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, რომელიც ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ ბრძანებით სხვა ვადა არა არის განსაზღვრული;
დ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
ვ) ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
თ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
ი) ხელს უწყობს საკრებულოსა და მერიის ურთიერთობასა და თანამშრომლობას;
კ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერს;
ლ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის მოვალეობის შესრულებას ავალებს მერის ერთ-ერთ მოადგილეს;
მ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს);
ნ) იღებს ზომებს საკრებულოსა და ცალკეული საკრებულოს წევრის უსაფრთხოებისა და მათი ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ო) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საკრებულოს შენობაში, საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის მუშაობას, ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს;
პ) უფლებამოსილია საკრებულოს წინაშე დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ, აგრეთვე, როგორც გამონაკლისი დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხის განხილვისა და კენჭისყრის თაობაზე;
ჟ) საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
3. საკრებულოს თავმჯდომარე კვარტალში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 44.
1. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს.
2. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების წერილობითი განცხადება (მას ხელს აწერს საკრებულოს ის წევრი, რომელიც ასახელებს საკრებულოს თავმჯდომარეობის მოცემულ კანდიდატს) წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით.
3. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.
4. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 45.
1. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.
3. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დადგენილი წესით.
მუხლი 46.
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
2. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება გადადგომის თაობაზე წერილობითი განცხადების საკრებულოსათვის დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან.
მუხლი 47.
1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ ხელახლა ტარდება არჩევნები. ეს პროცესი იმავე ან მომდევნო სხდომაზე გრძელდება მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისას ან გადაყენებისას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს დადგენილი წესით.
თავი VII. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა
მუხლი 48.
1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არენაკლებ ორი მესამედის არჩევას.
2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების შესახებ საკრებულოს წევრად არჩეული პირების ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაშიც ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.
მუხლი 49.
1. ახალარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრად არჩეული პირების რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. პირველ სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრად არჩეული პირები ადასტურებენ შესაბამის სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით.
2. საკრებულოს წევრად არჩეული პირების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ (თუ რეგისტრაცია გაიარა ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა) სხდომას გახსნილად აცხადებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც აკეთებს მოხსენებას არჩევნების ჩატარების, მისი შედეგების, საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩეულად გამოცხადების შესახებ.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთაგან ასაკით უფროსი) წევრი. საკრებულოს უხუცესი წევრი (სხდომის თავმჯდომარე) ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრების (სხდომის დღის) ორგანიზებულად წარმართვისა და შესაბამისი საპროცედურო საკითხების მოგვარების მიზნით საკრებულოს სხდომის წინაშე სვამს სამანდატო კომისიის შექმნის საკითხს. სამანდატო კომისიას საკრებულოს წევრად არჩეულ პირთაგან სამი კაცის შემადგენლობით (თავმჯდომარე და წევრები) საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, სხდომის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის ახალარჩეული საკრებულო.
4. სამანდატო კომისიის უფლებამოსილება წყდება საკრებულოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე.
5. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით გამოვლენილი ფაქტების, საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ) სამანდატო კომისიის შექმნის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას.
6. სამანდატო კომისიის მიერ საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სამანადატო კომისია:
ა) განიხილავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო მასალებს;
ბ) ადგენს ახალარჩეულ საკრებულოს წევრთა საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის შემთხვევებს, რომლის შედეგებს ასახავს სამანდატო კომისიის დასკვნაში;
გ) ადგენს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საკრებულოს წევრად არჩეული პირების ერთიან სიას;
დ) საკრებულოს სხდომას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესაძლებლობის თაობაზე წარუდგენს წერილობით დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და წევრები;
ე) სხდომის მიმდინარეობის დროს უზრუნველყოფს კენჭისყრის შედეგების (ხმების) დათვლას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ფარული კენჭისყრისათვის აუცილებელი ბიულეტენების დამზადებას და ფარული კენჭისყრით ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზებას;
ზ) ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრების (სხდომის) დღეს უზრუნველყოფს პირველი სხდომის ორგანიზებულად წარმართვისათვის საჭირო სხვა პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას.
7. სამანდატო კომისიის მიერ შედგენილი წერილობითი დასკვნის შემდეგ გრძელდება საკრებულოს სხდომა და სხდომის თავმჯდომარე სხდომის წინაშე სვამს საკითხს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე.
8. საკრებულო სამანდატო კომისიის დასკვნის საფუძველზე ღია კენჭისყრით, საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენ-ლობის ერთი მესამედისა, განკარგულებით ცნობს ახალარჩეულ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას სამანდატო კომისიის მიერ შედგენილი ერთიანი სიით.
9. საკრებულოს განკარგულებაში საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკრებულოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს საკრებულო განიხილავს უახლოეს სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი საკრებულოს წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
11. საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის დადგენის შემთხვევაში, საკრებულოს შესაბამის ახალარჩეულ წევრს ეცნობება შეუთავსებელი საქმიანობის საკრებულოს უახლოეს სხდომამდე შეწყვეტის თაობაზე (ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის კომისიას). საკრებულოს ახალარჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე საკრებულო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, როგორც წესი, უახლოეს სხდომაზე.
მუხლი 50.
1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკითხებს განიხილავს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;
გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ქმნის საკრებულოს არაუმეტეს 5 კომისიას და ირჩევს კომისიების თავმჯდომარეებს.
2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრების (სხდომის დღეს) საჭიროების შემთხვევაში გონივრული დროით შესვენებას აცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე სამანდატო კომისიის მოთხოვნით ან მასთან შეთანხმების საფუძველზე.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა საკითხები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VIII. საკრებულოს სხდომები
მუხლი 51.
1. საკრებულოს მორიგ სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
2. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი იწყება დღის 11 საათზე, თუ სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული.
3. საკრებულოს სხდომა როგორც წესი ტარდება სამუშაო დღეებში. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა მოიწვიოს არასამუშაო პერიოდში (დასვენებისა და უქმე დღეები, არასამუშაო საათები).
მუხლი 52.
1. საკრებულოს სხდომა იმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს გასვლითი სხდომები.
2. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც ინდივიდუალურად უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და მასზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი.
მუხლი 53.
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;
ბ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
დ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.
2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას და რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საკრებულოს აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი საკრებულოს წევრი.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
მუხლი 54.
1. საკრებულოს ბიურო საკრებულოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიების და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტები. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში მითითებული უნდა იყოს სხდომაზე განსახილველი საკითხები, განხილვის რიგითობა, მომხსენებელი. ბიუროს სხდომას ბიუროს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად ესწრება საკრებულოს აპარატის უფროსი და საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი და საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოხელეები საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. ბიუროს სხდომაზე იმართება კონსულტაციები და განიხილება საკითხი იმის შესახებ არის თუ არა სხდომაზე განსახილველად წარდგენილი ესა თუ ის საკითხი სათანადოდ მომზადებული, დადგენილი წესით წარმოდგენილი, არის თუ არა მასზე გადაწყვეტილების მიღება საერთოდ საკრებულოს კომპეტენცია და დღის წესრიგის პროექტის შედგენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, სხდომაზე განსახილველი (ინიცირებული) სამართლებრივი აქტების პროექტები ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას არსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსების ფორმით და საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge. ამ პუნქტით გათვალიწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოყვეყნდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით წინასწარ განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის შესაბამის ბეჭდვით საშუალებებში.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.
მუხლი 55.
1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულ დროსა და ადგილზე. საკრებულოს სხდომა მთავრდება სხდომაზე განსახილველი საკითხების განხილვის ამოწურვისთანავე. საკრებულოს სხდომას ხსნის და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სხდომის მიმდინარეობის დროს შესვენებას აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი გადაწყვეტილებით ან/და სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.
3. საკრებულოს სხდომას როგორც წესი ესწრებიან: საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი, საკრებულოს აპარატის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები. საკრებულოს სხდომას შეიძლება დაესწროს მერი, მერის მოადგილეები და მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეები, აგრეთვე საკრებულოს ღია სხდომებს დადგენილი წესით შეიძლება დაესწროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა პირები. საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს ის პირი, რომელმაც უშუალოდ მოამზადა სხდომაზე განსახილველი საკითხის პროექტი.
4. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თანამდებობის პირების, წევრების, მოწვეული პირების დროულად შეტყობინებას, მოწვეული პირების რეგისტრაციას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ საკრებულოს ღია (საჯარო) სხდომებს. დაინტერესებულმა პირებმა საკრებულოს ღია სხდომაზე დასასწრებად, საკრებულოს აპარატს უნდა მიმართონ თითოეული საკრებულოს სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების საფუძველზე მიმართვისთანავე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე დასასწრები დადგენილი ფორმის ერთჯერადი საშვის შევსებასა და გაცემას. საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით უფლებამოსილია არ გასცეს დაინტერესებულ პირებზე სხდომაზე დასასწრები ერთჯერადი საშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა რაოდენობა აღემატა სხდომის დარბაზში არსებულ ტევადობას და მათი დასწრებით ხელი შეეშლება სხდომის ნორმალურ წარმართვასა და ჩატარებას.
5. საკრებულოს ღია სხდომაზე საკითხის განხილვისას შესაძლებელია სხდომის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება.
მუხლი 56.
1. საკრებულოს თავმჯდომარე მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრობას. დღის წესრიგის პროექტს საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე, როგორც გამონაკლისი განხილული იქნეს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხები. აგრეთვე ამ წესით შეიძლება შეიცვალოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობა ან საერთოდ მოიხსნას საკითხი საკრებულოს სხდომაზე განხილვიდან.
2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეძლევა სამწუთიანი სიტყვა.
3. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკრებულოს წევრებს ეთმობათ 15 წუთი განცხადებებისათვის იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ უკავშირდება. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა რიგითობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 წუთისა. ცალკეული საკრებულოს წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და მისი გაზრდა დაუშვებელია. საკრებულოს წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
4. საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო ერთ სამუშაო დღეს, სხდომა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნულ დღეს.
მუხლი 57.
1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.
2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს მიერ.
3. საკრებულოს სხდომა, ან სხდომის ნაწილი დახურულად ცხადდება საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.
4. საკრებულოს სხდომის მსვლელობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
5. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას.
6. საკრებულოს სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში, რომელსაც ადგენს, აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საკრებულოს აპარატის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის ჩატარების დრო (საათი, რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;
ბ) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ვინაობა;
გ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა;
დ) ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა;
ე) განსახილველი და სხდომაზე განხილული საკითხები განხილვის რიგითობის მიხედვით;
ვ) სხდომაზე განხილულ საკითხზე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და კენჭისყრის შედეგები;
ზ) სხდომაზე გამოთქმული დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და სხდომის მიმდინარეობის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხები.
7. სხდომის ოქმი შედგება განაყოფებისაგან, რომელიც შეესაბამება სხდომაზე განხილულ საკითხებს. სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებისა და გამოსვლების ძირითადი შინაარსი ოქმში შეიტა-ნება შემდეგი სქემის მიხედვით - მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს.
8. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს სხდომის ოქმს ადგენს (აწარმოებს) ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების შემადგენლობიდან ბრძანებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 58.
1. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე წარმოებს საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია. წევრთა რეგისტრაცია იწყება სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
3. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციას ახორციელებს აპარატი, შესაბამის რეესტრში საკრებულოს წევრთა მიერ ხელმოწერების სახით.
4. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის (პროექტის) კენჭისყრისას საკითხის (პროექტის) მიღების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა (საკრებულოს წევრთა) მიერ მიცემული ხმების ოდენობას თვლის და საკრებულოს თავმჯდომარეს მოახსენებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი არყოფნისას ამ პუნქტში გათვალისწინებულ ფუნქციას სხდომის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი. ყველა კენჭისყრის შედეგს საკრებულოს აცნობებს სხდომის თავმჯდომარე, რაც ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში.
5. თუ დათვლილი ხმების რაოდენობა ეჭვს იწვევს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საკითხის დასმა ხელახალ კენჭისყრაზე. ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს.
6. საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრისას თუ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები თანაბრად გაიყო საკითხი არ ითვლება მიღებულად. ასეთ შემთხვევაში განსახილველ საკითხზე ხელახლა ეწყობა კენჭისყრის პროცედურა.
7. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს და საკრებულოს სხვა წევრებს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საკითხზე გამართულ კენჭისყრაში, რომლის განხილვასაც იგი ესწრებოდა.
8. საკითხის (პროექტის) განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა:
ა) პროექტს ღებულობს შენიშვნების გარეშე;
ბ) პროექტს ღებულობს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების (მთლიანად ან ნაწილობრივ) გათვალისწინებით;
გ) პროექტს დამატებითი შესწავლისა და მომზადებისათვის უბრუნებს მის წარმომდგენ სუბიექტს;
დ) უარყოფს პროექტს და უარს ამბობს მის მიღებაზე.
მუხლი 59.
1. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას სხდომის დაწყებამდე ან სხდომის განმავლობაში.
2. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საკრებულოს წევრი, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის რეესტრში შენიშვნის სახით კეთდება სათანადო ჩანაწერი.
3. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გრძელდება რეგისტრაცია. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის მეორე სამუშაო დღისათვის გადადების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ საკრებულოს წევრებს იმ დღესვე სათანადო ინფორმაციას აწვდის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 60.
1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. ისეთ საკითხზე (პროექტზე) რომლის საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც შეიძლება იყოს თავად საკრებულოს თავმჯდომარე ან უფლებამოსილების მინიჭების (გადანდობის) საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი, მერი, მერის მოადგილე და მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
2. საკითხთა წრე, რომელთა საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა წარმოადგენს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის (პროექტის) მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით.
4. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას საკითხი შეიძლება მოახსენოს თანამომხსენებელმა. თანამომხსენებელი შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი, მერიის საჯარო მოსამსახურე, ასევე განსახილველი საკითხით დაინტერესებული დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც ესწრება საკრებულოს სხდომას და რომელსაც აქვს განსახილველ საკითხზე სათანადო კომპეტენცია.
5. მოხსენებისა და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს გამოვიდნენ სიტყვით ან/და კითხვით მიმართონ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს. საკრებულოს წევრს, რომელსაც სურს შეკითხვის დასმა ან სიტყვით გამოსვლა ხელის აწევით, თხოვნით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა ან გამოვიდეს სიტყვით სხდომის თავმჯდომარის მიერ ამისათვის თანხმობის (დასტურის) მიცემის შემდეგ.
6. საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება წარმოთქვას ადგილიდან ან ტრიბუნასთან გასვლით. საკრებულოს წევრი შეკითხვას სვმას მხოლოდ ადგილიდან.
7. საკრებულოს სხდომაზე შეკითხვის დასმის ან სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის რიგითობის მიხედვით განსაზღვრავს საკრებულოს წევრთა მიერ სიტყვით გამოსვლის ან შეკითხვის დასმის რიგითობას.
8. ერთი და იგივე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ და შეკითხვა დასვას არაუმეტეს ორჯერ. გარდა ამისა საკრებულოს წევრს აქვს განსახილველ საკითხზე ერთხელ რეპლიკის წარმოთქმის უფლება.
9. საკრებულოს წევრის მიერ სიტყვით გამოსვლა არ უნდა გაგრძელდეს 5 წუთზე მეტს, ხოლო თითოეული შეკითხვა 2 წუთზე მეტს.
10. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს მხოლოდ დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს.
11. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.
მუხლი 61.
საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია;
ა) მოხსენება;
ბ) თანამოხსენება;
გ) დასკვნითი სიტყვა;
დ) განსახილველ საკითხზე სიტყვით გამოსვლა;
ე) წინადადების შეტანა კენჭისყრისა და სხდომის წარმართვის წესის შესახებ;
ვ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა.
მუხლი 62.
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 10 წუთამდე, თანამომხსენებელს 5 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის 3 წუთამდე.
2. საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია გამომსვლელს მისი მოთხოვნით გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 5 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის მოწინააღმდეგედ, უფლება აქვს თავისი წარმომადგენლისთვისაც მოითხოვოს დროის გაგრძელება იმავე დროით, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლი 63.
1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას ან მისი დავალებით სხდომას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არ ყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:
ა) ხსნის და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს სხდომას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
დ) საკრებულოს წევრებს მათივე თხოვნით აძლევს კითხვის დასმის ან სიტყვით გამოსვლის უფლებას;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, მონაწილეობას ღებულობს კენჭისყრაში;
ვ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;
ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სხდომის გადადების ან შესვენების გამოცხადების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. თავმჯდომარის მიერ გამოსვლების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.
მუხლი 64.
1. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც გამონაკლისი შეიძლება მოეწყოს ფარული კენიჭისყრა. ამ შემთხვევაში ფარული კენჭისყრით გადასაწყვეტ საკითხზე კენჭისყრამდე ეწყობა ამ საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის თაობაზე ღია კენჭისყრა. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კენჭისყრის შედეგები და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება საკრებულოს სხდომის ოქმში.
2. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ მას კენჭი ეყრება მთლიანობაში, მუხლობრივი და პუნქტობრივი კენჭისყრის გარეშე. თუ საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს შენიშვნები (წინადადებები), რომელიც შეეხება სამართლებრივი აქტის პროექტში ცვილებების (შესწორებების) ან/და დამატებების შეტანას ასეთ შემთხვევაში ჯერ კენჭი ეყრება წარდგენილ წინადადებებს (შენიშვნებს) ცალ-ცალკე მათი წარდგენის რიგითობისა და წარდგენილი ფორმულირების მიხედვით, ხოლო შემდეგ სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქციას წარდგენილი შენიშვნების (წინადადებების) საფუძველზე მიღებული ცვლილებების (შესწორებების) ან/და დამატებების გათვალისწინებით. შენიშვნების (წინადადებების) საფუძველზე სამართლებრივი აქტის პროექტში ცვლილების (შესწორებების) ან/და დამატების შეტანისათვის საჭიროა ხმათა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია წარდგენილი პროექტის მისაღებად. სამართლებრივი აქტის პროექტში დაშვებული ენობრივი, გრამატიკული, გამოთვლითი, რედაქციული და სხვა ტექნიკური შეცდომები სწორდება კენჭისყრის გარეშე, საკრებულოს აპარატის მიერ, სამართლებრივი აქტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერამდე.
3. საკრებულოს წევრი კენჭისყრის პროცესში თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრის ნება (გადაწყვეტილება) გამოიხატება მაგიდიდან მარჯვენა ხელის სწორად აღმართვის ფორმით. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრი თავის ნებას გამოხატავს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის საამისო მიმართვის (ჯერ „მომხრე” შემდეგ „წინააღმდეგი”) საფუძველზე.
4. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს ერთიდაიგივე საკითხის (პროექტის) განხილვისას დააფიქსიროს თავისი პოზიცია, როგორც „მომხრე” ისე „წინააღმდეგი”. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის ორივე პოზიციიდან მიცემული ხმა ბათილია და არ გაითვალისწინება კენჭისყრის შედეგებში.
5. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრს უფლება აქვს არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.
6. ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს მხოლოდ ერთი შესვენება არა უმეტეს 10 წუთისა.
თავი IX. საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი
მუხლი 65.
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება;
ბ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - საკრებულოს განკარგულება.
2. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
3. საკრებულოს განკარგულება ძალაში შედის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე, თუ კანონმდებლობით ან/და ამ განკარგულებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
4. საკრებულოს სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ.
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
მუხლი 66.
1. საკრებულოსათვის ბიუჯეტის პროექტის, მასში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის თაობაზე საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ზოგიერთი სხვა სამრთლებრივი აქტის პროექტის საკრებულოსათვის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროექტის ან წინადადების სახით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერი. სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის (გარდა იმ პროექტებისა, რომლის წარდგენის უფლება კანონმდებლობით გააჩნია მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) საკრებულოს ბიუროს;
გ) საკრებულოს ფრაქციას;
დ) საკრებულოს კომისიას;
ე) საკრებულოს წევრს ან წევრთა ჯგუფს;
ვ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).
2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.
3. საკრებულოში შეტანილ პროექტს თან უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება აქტის მიღების მიზეზი და საჭიროება, მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;
ბ) პროექტი საკრებულოს სხვა აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს სხდომისათვის პროექტების განსახილველად წარდგენა აისახება საკრებულოს თავმჯდომარის ბრანებაში. სხვა შემთხვევაში. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტის პროექტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მასალები უნდა დაერთოს სამართლებრივი აქტის პროექტის წარმდგენი სუბიექტის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ წერილობით მიმართვას. კომისიის ან ფრაქციის მიერ ინიცირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს აგრეთვე, შესაბამისად კომისიის ან ფრაქციის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ამომრჩევლების მიერ წარსადგენი სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა დაერთოს ამომრჩევლების მიერ შედგენილ და ხელმოწერებით დადასტურებულ წერილობით მიმართვას, რომელშიც გარკვეულად იქნება მითითებული ამომრჩეველთა სახელი, გვარი და პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი.
5. პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს მომდევნო სხდომებზე.
მუხლი 67.
1. სამართლებრივი აქტის ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტი საკრებულოს თავმჯდომარეს წარედგინება სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 დღისა.
2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტი წარმოდგენილი იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით, პროექტი როგორც წესი განიხილება მომდევნო სხდომაზე. თუ საკითხის წარდგენის დაგვიანება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით ან/და თუ მისი განხილვის გადადება მიზანშეუწონელია საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ასეთი პროექტი (პროექტები) შეიტანოს დღის წესრიგის დამატებით საკითხებში.
3. საკრებულოსათვის წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით გადაეცემა საკრებულოს დარგობრივად შესაბამის კომისიას და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებას.
4. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე პროექტი განიხილება შესაბამისი კომისიისა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისობის თაობაზე. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება უფლებამოსილნი არიან:
ა) იმ სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომლის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ მერის კომპეტენციაა, მოამზადონ დასკვნა მასში გასათვალისწინებელი სამართლებრივი შენიშვნების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებში შეიტანონ სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები და მოამზადონ პროექტის კორექტირებული ვარიანტი, ან/და თუ შენიშვნა არსებითი ხასიათისაა ან პრინციპულად იცვლება წარმოდგენილი პროექტის შინაარსი ან მისი ძირითადი დებულებები მაშინ მოამზადონ დასკვნა მასში გასათვალისწინებელი სამართლებრივი შენიშვნების შესახებ, ან/და მოამზადონ პროექტის ალტერნატიული ვარიანტი.
6. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და აპარატის იურიდიული განყოფილება პროექტს ამოწმებს (განიხილავს) შემდეგი თვალსაზრისით:
ა) შეესაბამება თუ არა, ან/და ხომ არ ეწინააღმდეგება პროექტის შინაარსი ან მისი ცალკეული დებულებები უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს;
ბ) არის თუ არა პროექტის მიღება საკრებულოს კომპეტენცია;
გ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის დაცვით;
დ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
ე) არის თუ არა პროექტში მითითებული გასაუქმებელი საკრებულოს აქტების ამომწურავი ჩამონათვალი;
ვ) პროექტს ერთვის თუ არა კანონმდებლობითა ან/და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის პროექტები საკრებულოს სხვა სამართლებრივ აქტებში იმ ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელსაც იწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;
ზ) რედაქციულად გამართულია თუ არა და სამართლებრივად მიზანშეწონილია თუ არა პროექტში მითითებული ცალკეული დებულებები.
7. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს დარგობრივი კომისიის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ან/და საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების დასკვნის საფუძველზე უარი თქვას მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პროექტის (საკითხის) საკრებულოსათვის წარდგენაზე (არ წარადგინოს ან/და გააუქმოს წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება) და შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნოს მერს.
მუხლი 68.
1. საკრებულომ პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიის და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნების არსებობისას. კომისიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეტანილი იქნა შესაბამისი სამართლებრივი შენიშვნები, მაშინ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაიტანება პროექტის გადამუშავებული (კორექტირებული) ვარიანტი. თუ წარდგენილია პროექტი, რომლის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენაც მხოლოდ მერის კომპეტენციაა მაშინ სხდომაზე გაიტანება პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი, ხოლო შენიშვნები პროექტთან ერთად განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ამ შემთხვევაში ჯერ კენჭი ეყრება შენიშვნებს, ხოლო შემდეგ პროექტს. შენიშვნების მისაღებად საჭიროა ხმათა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია წარდგენილი პროექტის მისაღებად. შენიშვნებისა (მთლიანად ან ნაწილობრივ) და პროექტის მიღების შემთხვევაში პროექტი მიღებულად ითვლება მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით. ამ პუნქტში დადგენილი წესი არ გამოიყენება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის განხილვისა და დამტკიცების დროს.
მუხლი 69.
1. საკრებულოს სხდომაზე სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვა ხდება მოცემული რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. დღის წესრიგის დამტკიცებისას შეიძლება საკრებულოს სხდომაზე დაისვას საკითხი დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების და მისი შემდგომ სხდომებზე განხილვისათვის გადადების თაობაზე, თუ საკითხი არ არის სათანადოდ მომზადებული ან/და საჭიროა დამატებითი შესწავლა-დამუშავება. დღის წესრიგიდან საკითხი შეიძლება ამოღებულ იქნეს მისი განხილვის გადადების გარეშე სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლოსობით.
3. ყოველი კონკრეტული პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ეწყობა კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
4. თუ კენჭისყრის დროს პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრთა საჭირო რაოდენობამ, მაშინ პროექტი უარყოფითად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და მისი შემდგომი განხილვა ამ სხდომაზე აღარ ხდება.
5. საკრებულოს უფლება აქვს საქართველოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ საკანონმდებლო წინადადების სახით, შესაბამისი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება ეხებოდეს ახალი კანონის მიღებას, არსებულ კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას ან მოქმედი კანონის გაუქმებას. ასეთი კანონპროექტი საკრებულოს სხდომაზე მოწონებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
თავი X. საბიუჯეტო პროცესი
მუხლი 70.
საბიუჯეტო პროცესი (ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა, დამტკიცება, შესრულება, შესრულების კონტროლი, შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა და შეფასება (დამტკიცება)) განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
თავი XI. საფინანსო აქტის მიღების წესი
მუხლი 71.
1. საფინანსო აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტზე.
2. საფინანსო აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის თანხმობა და საკრებულოს საფინანსო კომისიის დასკვნა.
3. მერია და საკრებულოს საფინანსო კომისია საფინანსო აქტის პროექტის შესწავლისას ამოწმებს მიმდინარე პროექტის შეთავსების შესაძლებლობას, მის მიზნობრიობას, კანონიერებასა და ეფექტიანობას. თუ შემოწმებით დადგინდა, რომ აქტის მიღება უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე, მერიამ და საკრებულოს საფინანსო კომისიამ საკრებულოსთვის წარდგენილ დასკვნაში უნდა აღნიშნოს მოსაზრება ხარჯების დაფარვის სავარაუდო წყაროების შესახებ.
4. მერია და საკრებულოს საფინანსო კომისია ვალდებულია საკრებულოს საფინანსო აქტზე დასკვნა წარადგინოს აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
5. საფინანსო აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება სამართლებრივი აქტის მიღებისათვის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
თავი XII. საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის
სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია,
გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
მუხლი 72.
1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს საკრებულოს სხდომაზე მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით სხდომის შემდეგ დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს მეორე დღისა) ხელმოსაწერად ამზადებს საკრებულოს აპარატის იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილებები ერთობლივად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მომზადებულ პროექტებს, მათი მომზადებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსი. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილ აქტს იმავე დღესვე დადგენილი წესით აფორმებს (ასვამს სარეგისტრაციო ნომერს და სხვა აუცილებელ რეკვიზიტებს) საკრებულოს აპარატის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე.
2. ნორმატიული აქტი საკრებულოს მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად და გამოსაქვეყნებლად, ამავე ვადაში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
3. ნორმატიული აქტი, მის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს ეგზავნება თითო ეგზემპლარად, აკინძული, საკრებულოს ბეჭდითა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებული.
მუხლი 73.
1. ნორმატიული აქტი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან (არა უმეტეს 7 დღისა) 3 დღის ვადაში.
2. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 74.
1. საკრებულოს დადგენილებები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე“. საკრებულოს დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე) გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნდება ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge.
2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწიბნებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე.
3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები ქვეყნდება აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის ისეთ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ამ აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც.
4. სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით და დროულად დაგზავნაზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი. მერიის სხვადასხვა სამსახურებზე გადასაცემ საკრებულოს სამართლებრივ აქტებს საკრებულოს აპარატი 1 ეგზემპლარად უგზავნის მერიის ადმინისტრაციას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ სამართლებრივი აქტების მერიის სათანადო სამსახურებზე და ტერიტორიულ ორგანოებზე გადაცემას.
მუხლი 75.
1. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს აქტებისაგან დამოუკიდებლად რეგისტრირდება ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების) სარეგისტრაციო კოდი შედგება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან;
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტებისათვის (ბრძანებისათვის) უცვლელ ინდექსად დადგენილია რიცხვი 01 (ერთი);
5. ბრძანებას სარეგისტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად 01-დან n-მდე და ბრძანებისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი არის განუმეორებელი;
6. ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი;
7. ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილება.
8. ბრძანებისათვის სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისას, უწყვეტად ჯერ იწერება უცვლელი ინდექსი, შემდეგ იწერება წილადი (/) და ბოლოს იწერება სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ბრძანების თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამოცალკევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი.
9. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე თუ კანონმდებლობით ან ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.
თავი XIII. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 76.
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია საკრებულოს აპარატი, რომლის ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.
2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება.
მუხლი 77.
1. საკრებულოს აპარატი შედგება საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.
3. საკრებულოს აპარატის უფროსს, აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 78.
1. საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეების უფლებამოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და საკრებულოს აპარატის დებულებით.
2. საკრებულოს აპარატის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას - საკრებულოს თავმჯდომარე.
თავი XIV. საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის
პასუხისმგებლობა ამ რეგლამენტის დარღვევისათვის
მუხლი 79.
1. ამ რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ გამოიყენება ზემოქმედების შემდეგი ფორმები:
ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;
ბ) სხდომაზე გაფრთხილება ოქმში შეტანით;
გ) სხდომის ადგილის დატოვება;
2) რეგლამენტის სისტემატიური ან უხეში დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზემოქმედების შემდეგი ფორმები:
ა) საკრებულოს წევრის მიმართ - ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარ- ჯების ანაზღაურების შეჩერება არაუმეტეს 3 თვის ვადით.
ბ) საკრებულოს თანამდებობის პირის მიმართ - ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს არა- უმეტეს 50%-ის დაქვითვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში მას არ მიეცემა პრემია.
მუხლი 80.
1. სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას ჩამოართმევს თუ იგი:
ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს.
2. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) თუ საკრებულოს წევრი, რომელსაც სხდომაზე ევალება სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომის დარბაზში.
3. სხდომის ადგილის დატოვება გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ:
ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და ამის მიუხედავად კვლავ არღვევს წესრიგს;
ბ) რომელიც სჩადის ძალადობას ან უხამს ქმედებას ან ამგვარი ქმედებისაკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრებს;
გ) რომელიც ჩაიდენს ქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას;
დ) თავისი საუბრით ან საქციელით აშკარა შეურაცხყოფას აყენებს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ან მის რომელიმე წევრს.
4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც სხდომის თავმჯდომარემ გამოიყენა სხდომის ადგილის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, იგი გაყვანილი იქნება იძულების წესით.
5. თუ ის საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი), რომლის მიმართაც სხდომის ადგილის დატოვების მოთხოვნა გამოიყენა სხდომის თავმჯდომარემ, ნებაყოფლობით არ ტოვებს სხდომის ადგილს და აგრძელებს წესრიგის დარღვევას, მის მიმართ გამოიყენება აგრეთვე 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ზემოქმედების ფორმები.
6. თუ საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) 2 კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომისიის, ბიუროს, საკრებულოს სხდომებს მის მიმართ გამოიყენება 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ზემოქმედების ფორმები.
7. საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის შესაბამისი ზემოქმედების ფორმის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე (მისი არ ყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე), ხოლო კომისიის სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის ზემოქმედების ფორმის (გარდა 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს და მის ოდენობას ამ რეგლამენტით დადგენილ ფარგლებში, ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თუ იგი გამოიყენება კომისიის სხდომაზე ჩადენილი დარღვევისათვის - მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის წერილობითი წარდგინების საფუძველზე.
8. საკრებულოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ კამათის საგნად აქციონ წესრიგისაკენ მოწოდების საკითხი.
თავი XV. რეგლამენტის დამტკიცების, მასში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანის წესი
მუხლი 81.
1. საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება ხდება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს საკრებულოს დადგენილებით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით.
3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.