ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 18
თარიღი: 2014-01-31
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

 

  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის სპორტულ – ახალგაზრდული ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35- მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის   საკრე­ბულომ :

 

1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის სპორტულ – ახალგაზრდული ცენტრის“ წესდება, თანახმად დანართისა.

2. ეთხოვოს ქალაქ ბათუმის მერს (ჯ. ანანიძე) „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის ყინულის სასახლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მერის 2007 წლის 30 ნოემბრის #1270 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

 

 

  

„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა

თვითმმართველი ალაქის - ბათუმის

საკრებულოს განკარგულება

2014 წლის 31 იანვარი  18

 

 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ,,ბათუმის სპორტულ - ახალგაზრდული ცენტრის“

 

 

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ ,,ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის” 27-29-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის კონტროლით დამოუკიდებლად ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო საქმიანობას. 

                                              

თავი I .  ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი

 1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა: ,,არასამეწარმეო იურიდიული პირი _ ,,ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“ (შემდგომ ტექსტში – „ცენტრი“).

1.2. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქ. ბათუმი, ლადო ასათიანის ქ. №27. ელექ­ტ­­რონული ფოსტის მისამართია: Batumisport.youth@gmail.com

 

მუხლი 2. ცენტრის  სტატუსი

2.1. ცენტრი არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

2.2. ცენტრის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

2.3. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

2.4. ცენტრი დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს დადოს გარიგებანი, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში და არბიტრაჟში.

2.5. ცენტრს აქვს საკუთარი ბალანსი, ანგარიში ბანკში, ბეჭედი, შტამპი და სტატუსის განმსაზღვრელი შესაბამისი სხვა რეკვიზიტები.

  

თავი II.  საქმიანობის საგანი

 

მუხლი 3.  ცენტრის მიზნები

 ცენტრის მიზანია:

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ხელბურთის, ფუტსალის, ფრენბურთის და სხვა გუნდური სპორტის სახეობების  პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა, სპორტის ამ სახეობებით დაინტერესებული პირების ჩემპიონებად ჩამოყალიბებაში და მათი მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ხელშეწყობა, მომავალი ჯანმრთელი თაობის აღზრდისათვის ხელშეწყობა, ასევე დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და ამ მიზნით სხვადასხვა სპორტულ-ახალგაზრდული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

 

თავი III.  ცენტრის მართვა

 

მუხლი 4.  ცენტრის მართვა და კომპეტენციები

4.1. ცენტრს ერთპიროვნულად მართავს დირექტორი, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იგი დამოუკიდებლად მოქმედებს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

4.2.  ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის საკრებულო.

 

მუხლი 5. უფლება-მოვალეობანი.

5.1. ცენტრის დირექტორს უფლება აქვს:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ბრძანებები.

ბ) ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება.

დ) დასახული მიზნის მისაღწევად დაამყაროს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები ქალაქ ბათუმის მერიის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბამისად.

ე) მოითხოვოს თანამშრომლებისაგან დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით და წესდებით განსაზღვრული მოთხოვნები.

ვ) წარმოადგინოს ცენტრი მესამე პირთან ურთიერთობაში და იმოქმედოს საზოგადოების სახელით.

ზ) თანამშრომლებისაგან მიიღოს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის _ პროცესის მსვლელობის  შესახებ.

თ) აიმაღლოს კვალიფიკაცია.

კ) მერიასთან შეთანხმებით განკარგავს ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

ლ) არასაბიუჯეტო შემოსავლების არსებობის შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებით გამოიყენოს სახსრები სახელფასო დანამატებზე, პრემიებზე და ჯილდოებზე;

მ) განახორციელოს მისთვის მოქმედი კანონმდებლობით და წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

5.2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია:

ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და წესდებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ) დაიცვას კოლეგიალობის პრინციპი და ეთიკის ნორმები;

დ) ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ქ. ბათუმის შესაბამის სამსახურს დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

ე) დაწესებულების სახსრების ეფექტურად განკარგვის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებთან.

  

თავი IV. ფინანსები

 

მუხლი 6. დაფინანსების ძირითადი წყარო

6.1. ცენტრის დაფინანსების ძირითადი წყაროა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტი, ასევე დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები, გრანტები და სხვა შემოწირულობები.

6.2. ნებისმიერი შემოსავალი უნდა მოხმარდეს დაწესებულების მიზნების  განხორციელებას. დაუშვებელია სახსრების სხვა მიზნით გამოყენება.

6.3. დაწესებულების ფინანსურ ოპერაციებს წარმართავს დირექტორი,  რომელიც ანგარიშვალდებულია ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის წინაშე.

6.4. ცენტრის წლიურ ხარჯთაღრიცხვას განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 7. აღრიცხვა-ანგარიშგება, რევიზია

ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  

თავი V.  სახელმწიფო კონტროლი

 მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

ცენტრის საქმიანობის კონტროლს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური.

 

თავი VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

მუხლი 9. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

 

წესდების რომელიმე პუნქტის ბათილობა გავლენას არ ახდენს მთლიანად წესდების ნამდვილობაზე.

 

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები