2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №32
2013 წლის 11 ნოემბერი
ქალაქი ბათუმი
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის, სამსახურების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ადმინისტრაციის, სამსახურების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, თანახმად დანართისა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი
„დამტკიცებულია“
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემბრის №32 დადგენილებით
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის, სამსახურების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის (შემდგომში – მერია) ადმინისტრაციის, სამსახურების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და არეგულირებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის მიზანი
კომისიის საქმიანობის მიზანია მერიის ადმინისტრაციაში, სამსახურებში, სტრუქტურულ ერთეულებსა ან/და ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში – დაწესებულება):
ა) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევა;
ბ) დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარედ არის (დაინიშნოს) თვითმმართველი ქ. ბათუმის მერი.
3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 4. სპეციალიზებული კომისია
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის შექმნის შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სპეციალიზებული კომისია თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულებით კომისიის საქმიანობისათვის განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
მუხლი 5. კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში - სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა, კომისიის სხდომების ოქმებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადება.
3. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს ფუნქციონირებას.
მუხლი 6. კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
თავი II
კონკურსი
მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დაწესებულება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
2. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართი.
3. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 8. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლამდე კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ კომისიის სამდივნოში.
მუხლი 9. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ) გასაუბრება.
2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 10. კონკურსის შედეგები
1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
თავი III
ატესტაცია
მუხლი 11. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე და 83-ე მუხლების საფუძველზე ამზადებს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი (პირი) და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 12. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (პირთან) წარადგენს დახასიათებას „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი (პირი).
4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
5. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
7. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
8. ატესტაციაზე მოხელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე.
მუხლი 13. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 14. ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში.
თავი IV
დავები კონკურსებთან და ატესტაციებთან დაკავშირებით
მუხლი 15. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის ან ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის ან ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 16. კონკურსისა ან ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
საკითხები, რომლებიც ამ დებულებით არ არის მოწესრიგებული, განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.