ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 51
თარიღი: 2011-08-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №51
2011 წლის 31 აგვისტო
ქალაქი ბათუმი

„ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.  „ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-6 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №71, 08.05.2007წ. გვ. 12) დამტკიცებულ  „ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის  წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში.
2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად განიხილავს და მასზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის მერიაში შექმნილი ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია (შემდგომში _ მერიის კომისია), რომელსაც ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის, მერიის ადმინისტრაციის იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილებების და ქ. ბათუმის მერიის სხვა საჯარო მოხელეებისაგან ბრძანებით ქმნის ქ. ბათუმის მერი. ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა პირებიც.
3. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება                   7 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრი. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულ კომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.

4. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილება ვალდებულია უზრუნველყოს ქუჩის ნუმერაციის თაობაზე შეტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მერიის კომისიისათვის გადაცემა მისი შეტანიდან                   1 დღის ვადაში. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მასზე გადაცემიდან 2 დღის ვადაში (ე.ი. სულ 3 დღის ვადაში) შეამოწმოს განცხადება შეესაბამება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები არის თუ არა სწორად და სრულყოფილად წარდგენილი. 
5. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და არასრულყოფილადაა წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-ციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარე ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილის მეშვეობით განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის ვადას. თუ ამ ვადაში განმცხა-დებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს, მაშინ კომისია ღებულობს გადაწყვე-ტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ისევ კომისიის თავმჯდომარე ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილის მეშვეობით ატყობინებს განმცხადებელს ამის შესახებ.“.

ბ) წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია მერიის კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).
2. კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ქუჩის ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ქუჩაზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს. 
3. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.“.

გ) წესის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება  მისი მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს, ხოლო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირსა და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება (გადა-წყვეტი¬ლების დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს ან/და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება ქ. ბათუმის მერის,                  ქ. ბათუმის მერის მოადგილის ან ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილით.

3. ქ. ბათუმის მერის, ქ. ბათუმის მერის მოადგილის ან ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილობითი მიმართვა და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციე-ლებისა და მის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისათვის.“.

დ) წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. ქუჩის ნუმერაციის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს სხვა საშუალებები და მონაცემები.
2. განმცხადებელი ვალდებულია ქუჩის ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან)               1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება და სათანადო დოკუმენტაციის კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.“.

ე) წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, ქ. ბათუმის მერმა, მოცემულ ქუჩაზე მცხოვრებთა (ამ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა.“.

ვ) წესის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
1. კომისიის მიერ ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო ქუჩებისა და მოედნების სახელდების საკითხი ქ. ბათუმის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

 



საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                            გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები