ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 6
თარიღი: 2022-06-17
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N6

17 ივნისი 2022 წ.
ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ.“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 17 ივნისის №1 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე

 

 

 


დანართი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში – საკრებულო) იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა სფეროში საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს/თანამდებობის პირების კონტროლის მიზნით, შექმნილია ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, ამზადებს დასკვნებს საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, აკონტროლებს პროცედურული საკითხების შესაბამისობას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტთან (შემდგომში – რეგლამენტი), შეიმუშავებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს.

3. კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებამოსილება და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით.

მუხლი 2
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.

2.კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს კომისიის წევრთაგან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს და საკრებულოს ფრაქციას.

3. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლის, ასევე საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით, საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

4. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.

5. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით და კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან/და დამატებები.

 

თავი II
კომისიის უფლებამოსილება

მუხლი 3
კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

მუხლი 4
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებს და ღებულობს დასკვნებს მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე;

გ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან, საკრებულოს კომპეტენციაში შემავალი თანამდებობის პირების არჩევასთან, დანიშვნასთან და მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებული იურიდიული და საპროცედურო საკითხების მომზადებასა და დაცვას;

დ) სამოქმედო სფეროში განიხილავს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამების პროექტებს და ღებულობს შესაბამის დასკვნებს მათ შესახებ;

ე) სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ვ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს;

ზ) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას;

თ) იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარუდგენს საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში

გაერთიანების შედეგად გამოწვეულ ცვლილებას. საკრებულოს ბიუროს რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარუდგენს საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე;

კ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებსა და მოხსენებებს, განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მათ საფუძველზე და შესაბამისად საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


2. კომისია რეგლამენტით დადგენილი წესით ამზადებს დასკვნებს:

ა) საკრებულოს ფრაქციებთან დაკავშირებით;

ბ) საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;

გ) საკრებულოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო განჩინების გამოთხოვის შემდეგ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას;

დ) საკრებულოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო დადგენილების გამოთხოვის შემდეგ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ე) თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გამოითხოვს განაჩენს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას.

3. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

5. კომისია წელიწადში არანაკლებ ერთხელ, 10 დეკემბრამდე საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 5
1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, სიტყვას აძლევს კომისიის წევრებს და მოწვეულ პირებს;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე, მონაწილეობს კენჭისყრაში და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და კომისიის გადაწყვეტილებებს (დასკვნა, რეკომენდაცია, წინადადება);

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (საკრებულოს შესაბამისი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე), ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას (კომისიის სხდომის მოწვევა, კომისიის სხდომის წარმართვა, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ხელმოწერა და სხვა) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით დროებით ასრულებს საკრებულოს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

5. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ამ კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ან/და საკრებულოს თავმჯდომარემ. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

მუხლი 6
კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 7
კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება;

ბ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცვლელი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;

ე) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას;

ვ) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.

მუხლი 8
კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავი III
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 9
კომისიის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას, საქმისწარმოებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას.

თავი IV
დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა

მუხლი 10
კომისიის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები