ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 3
თარიღი: 2022-06-17
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N3

17 ივნისი 2022 წ.
ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 სექტემბრის №49 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე

 

 

 


დანართი


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში - საკრებულო) ინფრასტრუქტურის სფეროში საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდგომში - მერია) და მისი სტრუქტურული
ერთეულების კონტროლის მიზნით, შექმნილია ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას
(შემდგომში - კომისია).

2. კომისიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებამოსილება და ვალდებულებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და მოცემული დებულებით.

 

მუხლი 2
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.

2. კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს და საკრებულოს ფრაქციას.

3. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის, ასევე საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულებით განსაზღვრული წესით, საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

4. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.

5. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით და კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან/და დამატებები.

 

თავი II
კომისიის უფლებამოსილება

მუხლი 3
კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

მუხლი 4
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) განიხილავს ინფრასტრუქტურის სფეროში მომზადებულ და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ პროექტებს და ღებულობს სათანადო დასკვნებს;

გ) კომისიის სხდომაზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებსა და მოხსენებებს, განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს;

დ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით, მათ საფუძველზე და შესაბამისად საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

4. კომისია წელიწადში არანაკლებ ერთხელ, 10 დეკემბრამდე საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 5
1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;

გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, სიტყვას აძლევს კომისიის წევრებს და მოწვეულ პირებს;

დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე, მონაწილეობს კენჭისყრაში და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და კომისიის გადაწყვეტილებებს (დასკვნა, რეკომენდაცია, წინადადება);

ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;

ზ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია წერილობით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

თ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (საკრებულოს შესაბამისი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე), ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლება - მოსილებას (კომისიის სხდომის მოწვევა, კომისიის სხდომის წარმართვა, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ხელმოწერა და სხვა) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით დროებით ასრულებს საკრებულოს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4.კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

5. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ამ კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ან/და საკრებულოს თავმჯდომარემ. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

მუხლი 6
კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარი უფლებით მონაწილეობდეს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაიკავოს განსხვავებული პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

ე) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 7
კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, საკრებულოს რეგლამენტი და კომისიის დებულება;

ბ) საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;

გ) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;

ე) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას;

ვ) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.

მუხლი 8
კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავი III
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 9
კომისიის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას, საქმისწარმოებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულებას.

თავი IV
დებულებაში ცვლილებებისა ან/და დამატების შეტანა

მუხლი 10
კომისიის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები