2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №13
2013 წლის 28 თებერვალი
ქალაქი ბათუმი
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში (სსმ, 02.03.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 (ქუჩების ნუმერაციის წესი) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მერს (მერის მოვალეობის შემსრულებელს) დაევალოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომისიის შექმნის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში და არსებული კომისიის შექმნის შესახებ მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი 2
„ დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა “
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს დადგენილება
2013 წლის 28 თებერვალი №13
ქუჩების ნუმერაციის წესი
მუხლი 1.
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ქუჩის რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. ქუჩის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩის არსებული ნომრის შეცვლა, ქუჩაზე წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან ქუჩაზე არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება.
მუხლი 2.
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ქ. ბათუმის მერიაში.
2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად განიხილავს და მასზე დასკვნას ადგენს ქ. ბათუმის ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია (შემდგომში _ კომისია), რომლის შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულ კომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
4. ქ. ბათუმის მერია ვალდებულია უზრუნველყოს ქუჩის ნუმერაციის თაობაზე შეტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარისათვის გადაცემა მისი შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მასზე გადაცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (ე.ი. სულ 3 სამუშაო დღის ვადაში) შეამოწმოს განცხადება შეესაბამება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები არის თუ არა სწორად და სრულყოფილად წარდგენილი.
5. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და არასრულყოფილადაა წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით კომისიის თავმჯდომარე ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილის მეშვეობით განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის ვადას. თუ ამ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს, მაშინ კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ისევ კომისიის თავმჯდომარე ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილის მეშვეობით ატყობინებს განმცხადებელს ამის შესახებ.
მუხლი 3.
1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული დასკვნა კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).
2. კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ქუჩის ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ქუჩაზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს.
3. კომისიის დასკვნა (დადებითი, უარყოფითი) უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
მუხლი 4.
1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ეს დასკვნა მისი მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს წერილით.
2. განსახილველ საკითხზე კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის თაობაზე საბოლაო გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების საფუძველზე, რომლის პროექტი საკრებულოს თავმჯდომარეს წარედგინება ქ. ბათუმის მერიის დებულებით დადგენილი წესით.
3. ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების დამოწმებული ასლი წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქუჩის ნუმერაციის თაობაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
მუხლი 5.
1. ქუჩის ნუმერაციის შესახებ კომისიის დასკვნაში და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს ასევე სხვა საშუალებები და მონაცემები.
2. განმცხადებელი ვალდებულია ქუჩის ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში და ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებასთან სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 6.
1. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მან არ გამოიწვიოს ერთი ქუჩის სხვადასხვა ნომრებს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.
2. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 65-ა, 65-ბ და ა.შ.)
3. ქუჩის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
4. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ქუჩის მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
მუხლი 7.
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის დადებითი დასკვნისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუქტის შესაბამისად ხორციელდება აგრეთვე კონკრეტული დასახლების (დასახლებების) ან მათი ნაწილის (მათ შორის ქ. ბათუმის საზღვრებში ახალშემოერთებულ) ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სრული ახალი/ხელახალი ნუმერაცია.“.
მუხლი 8.
1. ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.