2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №73
მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი“ ქვეპროგრამით „საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“ გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლით („ხელმისაწვდომი საცხოვრისით“) სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი. ამავე განკარგულებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, განკარგულებით დამტკიცებული კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის მიხედვით, უზრუნველყოს შემდგომი პროცედურების განხორციელება - დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღების, განხილვის, ბენეფიციართა შერჩევის და ბენეფიციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მარეგულირებელი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუნიციპალური პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ითვალისწინებს დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული ოჯახებისათვის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინის, მისი თვითღირებულების 15 წლის განმავლობაში გადახდის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემას. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შერჩეული ოჯახებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემით, რისი განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მიერ მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონის ფორმით. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 122-ე მუხლის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თანხმობით მუნიციპალიტეტის ქონებას გასცემს მხოლოდ სარგებლობის უფლებით. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დამოუკიდებლად განხორციელება შეუძლებელია.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ჩაითვალა, რომ იმისათვის, რომ განხორციელდეს მუნიციპალური პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“, საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მე-9 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული დაპირების გაცემას, რომ განახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ბინე-ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად (ერთი ლარი) საკუთრების უფლებით გადაცემას მუნიციპალურ პროგრამაში „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მონაწილე იმ პირებისთვის, რომლებიც სრულად და ჯეროვნად შეასრულებენ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 18 აპრილის №25/7172 წერილით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ეთხოვა მუნიციპალური პროგრამისათვის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ გამოეცხადებინა მხარდაჭერა და გაეცა ადმინისტრაციული დაპირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 05 სექტემბრის №350 ბრძანებით გაიცა ადმინისტრაციული დაპირება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი საცხოვრებელი ბინების „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ პროგრამაში - „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მონაწილე იმ პირებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე, რომლებიც სრულად და ჯეროვნად შეასრულებენ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, იმ შემთხვევაში თუ ქონებ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა მოხდება პოზიტიური პირობით (გადაცემის ფასის, ქონების მიმღების, ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით).
აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო თვლის, რომ მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განსახორციელებლად საჭიროა:
ა) დამტკიცებული სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის საფუძველზე მოხდეს პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევა;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, საკრებულოს თანხმობით, განხორციელდეს შერჩეული ოჯახებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით 15 წლის ვადით საცხოვრებელი ბინების გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სა¬ნაცვლოდ;
გ) იმ ოჯახებთან დაკავშირებით, ვინც სრულად და ჯეროვნად შეასრულებს მუნიციპალიტეტის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 05 სექტემბრის №350 ბრძანებით გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გათვალისწინებით, მოხდეს საცხოვრებელი ბინების საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა პოზიტიური პირობით (გადაცემის ფასის, ქონების მიმღების, ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით) და აღნიშნული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთი ლარი) საკუთრების უფლებით გადაცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ი ტ ა :
1. მუნიციპალური პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) დამტკიცებული სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის საფუძველზე მოხდეს პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევა;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს შერჩეული ოჯახებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით 15 წლის ვადით საცხოვრებელი ბინების გადაცემა, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ;
გ) იმ ოჯახებთან დაკავშირებით, ვინც სრულად და ჯეროვნად შეასრულებს მუნიციპალიტეტის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 05 სექტემბრის №350 ბრძანებით გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გათვალისწინებით, მოხდეს საცხოვრებელი ბინების საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა პოზიტიური პირობით (გადაცემის ფასის, ქონების მიმღების, ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით) და განხორციელდეს აღნიშნული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთი ლარი) საკუთრების უფლებით გადაცემა.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს განსაზღვროს პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების და დასრულების დრო, დაამტკიცოს შესაბამისი აუცილებელი ფორმები, დაინტერესებული პირების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განსაზღვროს განაცხადების მიღებაზე და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე განახორციელოს სხვა საჭირო ღონისძიებები.
3. მიღებული განაცხადების შესწავლა-გადარჩევა, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანკეტის შევსება, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა (ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს) და აპლიკანტი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული კონსულტანტის მიერ.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე