2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N53
„საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ” ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №30 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ ტექსტში - „მარწმუნებელი“) წარმომადგენლად დაინიშნოს:
ა) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი (შემდგომ ტექსტში - „რწმუნებული“);
ბ) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების ერთ-ერთი მოხელე (შემდგომ ტექსტში - „რწმუნებული“)“.
ბ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რწმუნებულს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ დაიცვას მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, რისთვისაც წარმოადგინოს მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოში, აწარმოოს როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის და სხვა შესაბამისი საქმეები. ამ დავალების განსახორციელებლად რწმუნებული უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის: შეიტანოს განცხადება, საჩივარი, შუამდგომლობა ან სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი (შეპასუხება), შეგებებული სარჩელი, გაეცნოს საქმის მასალებს და ასევე სხვა ინფორმაციას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, განაცხადოს აცილება, გადაიღოს ასლები, წარადგინოს მტკიცებულებები, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, წარადგინოს შუამდგომლობები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე, შეცვალოს სარჩელის საგანი, შეამციროს ან გაადიდოს სარჩელის მოთხოვნის მოცულობა, ცნოს და უარყოს სარჩელი, დაამთავროს საქმე მორიგებით, გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული აქტი, წარადგინოს სააპელაციო, საკასაციო საჩივარი, მიიღოს მონაწილეობა აღსრულების პროცესში, აიღოს სააღსრულებლო ფურცელი და მოაწეროს ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტაციას. რწმუნებული ვალდებულია ყველა მოქმედება შეასრულოს პირადად და კეთილსინდისიერად, განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. “.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე