ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 41
თარიღი: 2019-05-24
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა N41


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს 100 %-ანი წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შპს „დინამო ბათუმი“-ს (ს/ნ 245622205) 100 %-ანი წილი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილის საკუთრებაში გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს საკუთრებაში გადაცემული არამატერიალურ ქონებრივი სიკეთის შპს „Lamini-G“-სათვის (ს/ნ 448388708) 49 წლის ვადით მართვის უფლებით, ხოლო აღნიშნული საზოგადოების კაპიტალიდან გამოტანილი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა, შემდეგი პირობებით:
- წილის მართვისა და სარგებლობის მთელი პერიოდის (49 წელი) განმავლობაში ყოველწლიურად გადაიხადოს წილის მართვის/სარგებლობის საფასური 100 000 ლარის ოდენობით;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში 38 თვის ვადით წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში განვითარების კონცეფციის შემუშავება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის შესათანხმებლად წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
- ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას (არანაკლებ 1200 კვ.მეტრი), სადაც განთავსდება საცხოვრებელი ფართი არანაკლებ 40 ბავშვზე, თეორიული მეცადინეობისათვის საჭირო ფართი და ტექნიკური აღჭურვილობა, მწვრთნელებისათვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართები, კვების ბლოკი, სამედიცინო მომსახურების ბლოკი, საკონფერენციო დარბაზი და სავარჯიშო დარბაზი;
- ბავშვთა გუნდისათვის დამხმარე ფართს (არანაკლებ 240 კვ.მეტრი), სადაც განთავსდება გასახდელები, სანიტარული კვანძი, მოსასვენებელი ფართი, მწვრთნელებისათვის სამუშაო ფართი;
- საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმი“-სათვის შენობას (არანაკლებ 1250 კვ.მეტრი), სადაც განთავსდება ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი, კვების ბლოკი, სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, თეორიული მეცადინეობისათვის საჭირო ფართი და ტექნიკური აღჭურვილობა, მწვრთნელებისათვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართები, საკონფერენციო დარბაზი და სავარჯიშო დარბაზი;
- საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტს და მოსაცდელ დარბაზს (არანაკლებ 240 კვ.მეტრი);
- შესაბამის ინფრასტრუქტურას - ღობეებს, განათების, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემებს;
- ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანს:
• ერთ ბალახის საფარიან მოედანს არანაკლებ 6825 კვ.მეტრი ფართის (105*65);
• ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს არანაკლებ 6825 კვ.მეტრი ფართის (105*65);
• ორ საბავშვო ხელოვნურსაფარიან მინი მოედანს, თითოეული არანაკლებ 1800 კვ.მეტრი (60*30);
• ღია ტიპის აუზს (25*9*1,5);
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განვითარების გენერალური გეგმის (გრგ) შემუშავება.
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში უზრუნველყოს საპროექტო ობიექტების ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტების გაბარიტები, ასევე მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტების დასმის გეგმა) მომზადება და შესათანხმებლად მესაკუთრისათვის წარდგენა;
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის აღება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დაწყება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში უზრუნველყოს ბავშვთა სავარჯიშო მოედნების მოწყობა/მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 (ოცდარვა) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულება და ამოქმედება;
- სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება თანამშრომელთა გასამრჯელოების, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ევროტურნირებზე პროფესიული გუნდის მონაწილეობის, ამხანაგური თამაშებისა და სხვა საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნით;
- უზრუნველყოს ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის პროფილის შენარჩუნება მუდმივად, წილის მართვისა და მთელი სარგებლობის პერიოდით და მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ან/და ფიფა-ს/უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება;
- უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის მუდმივად უეფა-ს და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირება. კლუბი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ჩემპიონატებში;
- ყოველწლიურად უზრუნველყოს მესაკუთრისათვის ფინანსური ანგარიშგების და ვალდებულებების შესრულების შესახებ აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა. დასკვნა გაცემული უნდა იყოს აუდიტორი/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი;
- სულ პროექტისათვის განახორციელოს არანაკლებ 9 (ცხრა) მილიონი ლარის ინვესტიცია (არ იგულისხმება საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება).
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი)- საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და ქონებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება შპს „Lamini-G“-სათვის (ს/ნ 448388708) შპს „დინამო ბათუმი“-ს (ს/ნ 245622205) 100%-ანი წილის 49 წლის ვადით მართვის უფლებით, ხოლო აღნიშნული საზოგადოების კაპიტალიდან გამოტანილი უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა, წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ასახული პირობებით.
სხვა შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით საკუთრებაში გადაცემული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები