2024 წლის 30 დეკემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა შექმნას ხელსაყრელი გარემო თანამედროვე, ხარისხიანი, აღსაზრდელებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისათვის და ბავშვების სასკოლო მზაობისათვის. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიხედვით, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროგრამას „სკოლამდელი აღზრდა და განათლება“. პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, ქალაქ ბათუმში 8 ახალი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება აშენდა და დამატებით 1300-მდე აღსაზრდელს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მუნიციპალური მომსახურებით. მიუხედავად ამისა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან გამოწ¬ვევად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მუნიცი¬პალურ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა რა საბავშვო ბაღების რეალურ შესაძლებლობებს, 2013 წლიდან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, თითოეული საბავშვო ბაღის სააღმზრდელო ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა, როგორც დროებითი ღონისძიება, განისაზღვრა არაუმეტეს 35 აღსაზრდელით.
ამ ეტაპისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებს 32 მუნიციპალური საბავშვო ბაღი, რომლებიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულებია. ბაღებში აღსაზრდელთა ზღვრული რაოდენობა 7 825-ია, ჯგუფების საერთო რაოდენობა კი - 225. თითოეულ ჯგუფს ემსახურება 2 აღმზრდელი და 1 აღმზრდელის თანაშემწე. საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა წარმოებს ელექტრონული რეგისტრაციის წესით. საშუალოდ, წლის მანძილზე, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა დაუკმაყოფილებელი განაცხადების რაოდენობა 800-მდეა.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:
ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.
ამასთან, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:
ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:13-ზე მეტი;
ბ) 3-დან 4 წლამდე, 4-დან 5 წლამდე და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ვალდებულებების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უმთავრესი გამოწვევებია:
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების დაკომპლექტება კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით;
გ) თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან აღსაზრდელებთან თანაფარდობის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად თანდართული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
2. დაევალოს ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ და ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ უზრუნველყონ სამოქმედო გეგმის განხორციელება.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
იხილეთ მიმაგრებული ფაილი: